პოლიტიკური კოალიცია „ივანიშვილი - ქართული ოცნების“ გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მამუკა არეშიძე ქალაქ გარდაბნის „თბილსრესის დასახლების“, „სამაჩაბლოდან დევნილების დასახლების“ და „ლელაშხას დასახლების“ მოსახლეობას შეხვდა.
როგორც რაიონის უმრავლესობისათვის ამ დასახლებებშიც მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა სასმელი წყალია, რომელიც მოსახლეობას 24 საათის მანძილზე 2 საათით მიეწოდება და ისიც ვერ აკმაყოფილებს სანიტარულ ნორმებს.
„თბილსრესის დასახლებაში“ მთლიანად დანგრეულია გზა, საღამოს 20:00 საათის შემდეგ არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დასახლებაში შეყვანილია ბუნებრივი აირი, მაგრამ მოსახლეობა მათ ბინებში შეყვანას უსახსრობის გამო ვერ ახერხებს.
„სამაჩაბლოდან დევნილების დასახლებაში“ მოსახლეობის 80% უმუშევარია და დევნილთა შემწეობის, 28 ლარის იმედზე ცხოვრობს. ამ დასახლებაშიც მწვავედ დგას სასმელი წყლის პრობლემა, კორპუსის მაღალ სართულებზე მოსახლეობას წყალი საერთოდ არ მიეწოდება. ამ დრომდე დევნილებისთვის არ დაუკანონებიათ საცხოვრებელი ფართები, თუმცა წინასაარჩევნოდ ხელისუფლება მათ ბინების დაკანონებას ჰპირდება.
„ლელაშხა“ სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკო-მიგრანტებითაა დასახლებული. სასმელი წყალი ამ დასახლებასაც 2 საათით მიეწოდება და დასალევად უვარგისია. დასახლების მკვიდრთა უმრავლესობას საკარმიდამო ნაკვეთის გარდა მიწის ნაკვეთი არ გააჩნია, უმუშევარია და სოციალურად დაუცველი. ივნისის თვის შემდეგ დასახლების საძოვრები და სახნავი მიწები წვიმის იმედად რჩება, რადგან სარწყავი წყალი ფაქტიურად არ არსებობს. აქაც, როგორც „სამაჩაბლოდან დევნილების დასახლებაში“ ეკო-მიგრანტებს არ აქვთ დაკანონებული საცხოვრებელი ფართები, თუმცა დეპუტატობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი ფეიქრიშვილმა მათ ფართების დაკანონება აღუთქვა.
მოსახლეობა ჩივის, რომ სამივე ზემოთხსენებულ რაიონში მიმდინარეობს აქტიური ანტი-აგიტაცია „ ქართული ოცნებისა“ და მამუკა არეშიძის წინააღმდეგ. რეგიონის დასაქმებულ მოსახლეობას მკაცრად უკრძალავენ „ქართულ ოცნებასთან ნებისმიერი სახის კონტაქტს, თვით კოალიციის გაზეთის გაცნობასაც კი წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან გაგდებით ემუქრებიან.
„ქართული ოცნების“ გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა არეშიძემ ყურადღებით მოუსმინა მოსახლეობის პრობლემებს, გააცნო მათ კოალიციის გეგმები აღნიშნულ პრობლემებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით და გამარჯვების შემთხვევაში მხარდაჭრას დაჰპირდა.