საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ბრიუსელში პირველი შეხვედრა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან გამართა. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვიც ესწრებოდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, შეხვედრაზე საქართველოსა და რეფორმების გაგრძელებაზე ისაუბრეს. მისი თქმით,
ევროკავშირთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებისა და საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების საკითხები განიხილეს.
„აღინიშნა, რომ საქართველოსთვის მთავარი პრიორიტეტი კვლავ ევროპა და ევროპის სტრუქტურებში ინტეგრაცია იქნება“ - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების, უვიზო რეჟიმის შემოღების და საქართველო-ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების გაგრძელებაზე ისაუბრეს. მერაბიშვილის განცხადებით, ისინი შეთანხმდნენ, რომ თავისუფალი ვაჭრობის ასოცირების ხელშეკრულებისა და უვიზო რეჟიმთან მიმართებაში სერიოზული პროგრესი გვაქვს.
„იმედი გამოვთქვით, რომ მომავალი წლის ბოლომდე აღნიშნული პროცესები დიდწილად დასრულდება“ - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
პრემიერ მინისტრის ცნობით, საუბარი ასევე, საარჩევნო საკითხებსაც შეეხო.
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის ინტერესში შედის. მეორე მხრივ კი, ის ევროკავშირში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მან
ვანო მერაბიშვილი „ევროპის სახალხო პარტიის“ ასამბლეას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. შეხვედრა შედგა ასევე, ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან.