თანამდებობის პირებს წინასაარჩევნო პერიოდში რაიონები ჩააბარეს, სადაც ისინი არჩევნების „წარმატებით“ ჩატარებაზე არიან პასუხისმგებლები.
ნაციონალურ მოძრაობას სხვადასხვა რაიონებსა და ქალაქებში საკუთარი პარტიული ორგანიზაციები ჰყავს. ამ ორგანიზაციების თავმჯდომარეები კი ერთი კონკრეტული თანამდებობის პირის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი. ეს მაღალჩინოსნები თავად ხელისუფლების მიერ არის შერჩეული.
ვის რომელი რაიონი აბარია და ვინ აგებს პასუხს თუ არჩევნებში ამ რაიონებში ნაციონალები ვერ გაიმარჯვებენ?
სამეგრელოში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებაზე პასუხისმგებელი ზაზა გოროზიაა. ის ახლა სოფლის მეურნეობის მინისტრია, მაგრამ ცოტა ხნის წინ, სამეგრელოს გუბერნატორი იყო და იქ ძველი კონტაქტები და ნაცნობ-მეგობრები საკმაოდ ჰყავს. იმასაც ამბობენ,რომ ზუგდიდში გოროზიას არავინ არაფერს ჰკითხავს და იქ ახალაიას აბარია ყველაფერიო, თუმცა, გოროზია სამეგრელოს კურატორია და წინასაარჩევნო საკითხები სწორედ მას აბარია.
რაც შეეხება გურიას, ეს მხარე ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს ებარა, რომელიც ახლა თავად არის ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატი. ნიკოლაიშვილი პრეზიდენტის მარჯვენა ხელია და ის სააკაშვილმა იმდენი აქო, რომ თავად ნიკოლაიშვილმაც დაიჯერა რომ წარმატებული მინისტრია. ოზურგეთში გამარჯვების შემთხვევაში, ნიკოლაიშვილი ალბათ, დეპუტატად დიდხანს არ დარჩება და ისევ რომელიმე სამინისტროში გადაბარგდება.
აჭარის ხელისუფლებისთვის დახმარება მოქმედ დეპუტატს ზურაბ მელიქიშვილს დაევალა, რომელიც მმართველი პარტიის ყოფილი გენერალური მდივანია. პრეზიდენტი აჭარის მთავრობის მეთაურს ლევან ვარშალომიძეს საკმაოდ ენდობა, თუმცა, წინასაარჩევნოდ დახმარება მასაც სჭირდება, ამიტომ აჭარაში ზურაბ მელიქიშვილი მიავლინეს.
შიდა ქართლში ნაციონალურ მოძრაობას ლადო ვარძელაშვილის იმედი აქვს. ის ამ მხარის გუბერნატორი იყო, ამიტომ შიდა ქართლში ვარძელაშვილმა მმართველ პარტიას დახმარება უნდა გაუწიოს და წინასაარჩევნო კამპანია უშეცდომოდ წარმართოს.
კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, რომელსაც ერთ-ერთი მხარე ჩააბარეს ლევან მხეიძეა. მან ლენტეხში და ცაგერში უნდა მოუტანოს მმართველ გუნდს გამარჯვება. მხეიძე, თავის დროზე დავით კეზერაშვილის მოადგილე იყო, შემდეგ კი გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსის პოსტიც ეკავა.
რამდენად სასარგებლო იქნება ამ თანამდებობის პირების მუშაობა ამა თუ იმ რაიონში და ვინ მიიღებს საყვედურს, ეს 1 ოქტომბერს გამოჩნდება. მანამდე კი მმართველმა პარტიამ საკუთარ პარტიულ აქტივს მოუწოდა მოსახლეობასთან შეხვედრისას რაც შეიძლება დამთმობი და ლოიალურები იყვნენ.