შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული განცხადება, რომელსაც თან ვიდეო ფაილი ერთვოდა და რომლის ავტორი, მინისტრის მოადგილე, შოთა ხიზანიშვილი იყო, ვებ გვერდიდან გაქრა.
განცხადებაში, შსს მინისტრის , მოადგილე ხიზანიშვილი ამბობდა, რომ ლოპოტაში ჩატარებული სპეცოპერაციის რიგი საკითხები ძიების პროცესშია. დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მიერ ლიკვიდირებული 11 (თერთმეტი) ადამიანიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე.
როგორც შოთა ხიზანიშვილი აცხადებდა, „ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული, იტაცებს ადამიანებს, აჰყავს მძევლები, არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს კლავს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებს – ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს რეაქცია მათ მიმართ იქნება ისეთი, როგორიც იყო და მომავალშიც თუ ანალოგიურ ფაქტს ექნება ადგილი, საქართველოს ხელისუფლება ანალოგიურად იმოქმედებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი“.
აღნიშნულის შესახებ, თუ რატომ გაქრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ.გვერდიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის კომენტარი შოთა ხიზანიშვილის კომენტარი თანდართული ვიდეო ფაილით, From.ge შს სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა.
როგორც შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი სალომე მახარაძე აცხადებს, ეს ინფორმაცია შს სამინისტროს ვებ.გვერდიდან კი არ გაქრა, იმისათვის, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შესულიყო მოხსნეს და ახალი ინფორმაციით ჩაანაცვლეს.
„ჯერ ერთი, ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საზოგადოების ძალიან დიდი ინტერესია, რაც ძალიან ბუნებრივია. იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს ექსპერტიზები და გამოძიება, გარკვეულ ეტაპზე ყველა ინფორმაციის თქმა შეუძლებელია, გარკვეულ ეტაპზე სრული ინფორმაცია არც არსებობს. სწორედ ამიტომ, იმ ინფორმაციას, რაც ჩვენ ხელთაა, როდესაც შეგვიძლია და გამოძიება ამის საშუალებას გვაძლევს, პერიოდულად გაწვდით. შესაბამისად, იმ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია იყო ის, შემდეგ შეიცვალა და ახალი ინფორმაცია მოგაწოდეთ“, - განაცხადა მახარაძემ.
რაც შეეხება, უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის განცხადების გაქრობას, მახარაძის თქმით, ეს განცხადება არსად არ გამქრალა.
„იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შესულიყო, ეს ინფორმაცია მოვხსენით ვებ.გვერდიდან. მიმდინარეობს ექსპერტიზები და გამოძიება. შესაბამისად, რაღაცები იცვლება და ეს ინფორმაციაც ნელ-ნელა იცვლება და ივსება იმისდა მიხედვით, თუ როგორ დასრულდება გამოძიება“, - განაცხადა მახარაძემ.
ცნობისთვის, გუშინ შსს–მ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ადასტურებენ, რომ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულებიდან, 2 საქართველოს მოქალაქე იყო.