5-8 სექტემბერს, 10:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტში, გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“.
კონფერენცია უკვე მეორედ იმართება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით.
კონფერენციის მხარდამჭერები არიან: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოს ეროვნული არქივი, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კომპანია „ჯეოსელი“, კოლეჯი „სპექტრი“, ფონდი „წმინდა ანდრიას ჯვარი“, კომპანია „პეპსი“. კომპანია „ბადაგონი“.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 30-მდე უცხოელი და 80-მდე ქართველი მეცნიერი. მსმენელთათვის კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.
პროექტის მიზანია ისტორიული ტაო-კლარჯეთის კომპლექსური და ინტერდისციპლინური კვლევა, დაინტერესებულ ქართველ თუ უცხოელ მკვლევართა მეტი კოორდინირება, ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელება; ტაო-კლარჯეთისადმი სამეცნიერო ინტერესის კიდევ უფრო გაღვივება; განადგურების საფრთხის წინაშე მდგარი მიკრორეგიონებისა და ძეგლების შესწავლის გააქტიურება, რომლებიც კაშხლების მშენებლობის გამო უახლოეს მომავალში იტბორება; ფართო საზოგადოებაში ტაო-კლარჯეთის ძეგლთა მეტი პოპულარიზება და სხვ.
ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეცნიერო ფორუმების, კონფერენციების, სემინარების ორგანიზება, სადაც ტაო-კლარჯეთის თემით დაინტერესებული ქართველი თუ უცხოელი მეცნიერები წარმოადგენენ საკუთარ კვლევებსა და ხედვებს, რაც განსაკუთრებით ეფექტურია რეგიონის მრავალმხრივი შესწავლის თვალსაზრისით.