ბიძინა ივანიშვილი: დევნილების ცხოვრება  წინმსწრებად უნდა გაუმჯობესდეს

ბიძინა ივანიშვილი: დევნილების ცხოვრება წინმსწრებად უნდა გაუმჯობესდეს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი  ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. ბიძინა ივანიშვილი დევნილ მოსახლეობას გაესაუბრა,  მათი პრობლემები მოისმინა და შეხვედრის მონაწილეებს ამ მიმართულებით საარჩევნო ბლოკის გეგმებიც გააცნო. ლიახვის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართა.

„ხელისუფლების თქვენდამი დამოკიდებულება სირცხვილია. სირცხვილი არამხოლოდ ხელისუფლების არამედ, მთელი ქვეყნის. რამდენადაც ეს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს და საუბედუროდ,  ჩვენ ავირჩიეთ.  მთელი ჩვენი  პრობლემაც ამაშია. არჩევა არ ვიცით და შემდეგ არ ვიცით,  როგორ მოვკითხოთ. ამ პრობლემებს ვიმკით ჩვენ ყველანი და ეს ყველაზე მძიმედ თქვენ განვიცადეთ.

 2008 წლის მოვლენებმა ყველაზე მძმედ თქვენზე გადაიარა. ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ  ყველაზე კარგად მაშინ  მოიქცნენ, მაგრამ თავიანთი უმეცარი და გაუაზრებელი მოქმედებებით ყველაზე დიდი დანაშაული მათ 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერმა დევნილ მოსახლეობას მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიმართულებით კოალიციის გეგმა გააცნო.

ივანიშვილის განცხადებით, კოალიციის სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ ერთის ხარჯზე მეორეს არ უნდა მიხედონ, თუმცა აღნიშნავს, რომ კოალიციის პროგრამაში მათი დევნილებთან დამოკიდებულება წინმსწრებად იქნება წარმოდგენილი.

„დაბალანსებულად უნდა მივხედოთ  მთელ საქართველოს და ყველა ჩვენს მოქალაქეს, თუმცა დევნილების ცხოვრება ცოტა მაინც წინმსწრებად უნდა გაუმჯობესდეს,  საქართველოს დანარჩენი მოსახლეობასთან შედარებით. ეს ძირითადია.  შემდეგ  გაწერილი გვაქვს როგორ და რა საშუალებით უნდა ვიმოქმედოთ.  საქართველოში  ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოქალაქეების ცხოვრების პირობები გაუმჯობესდება, თუმცა თქვენს შემთხვევაში,  ჩვენ გამონაკლისს დავუშვებთ. დევნილების ცხოვრების პირობები უფრო ადრე და უკეთესად უნდა განვითარდეს“, - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ  ამის მიზეზს საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასაც აუხსნიან.

„დამცირებების და  იმ მდგომარეობის გამო, როგორშიც  ცხოვრობთ,  ხელისუფლება ვალდებულია პირობები სხვებზე მალე გაგიუმჯობესოთ. მეორე ის,  რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები.  უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. უკეთესი პირობების,  კარგი მდგომარეობის შექმნის საფუძველზე,  ჩვენ უფრო სწრაფად დავიბრუნებთ ჩვენს ძმებს ოსებს და ძმებს აფხაზებს. თქვენი ყოფის პირობების გაუმჯობესების საფუძველი გახდის შესაძლებელს  იმისას,  რომ მათ დაიწყონ ფიქრი უკან დაბრუნებაზე“, - განაცხადა ივანიშვილმა.