საქართველოში 1 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროკომისარმა შტეფან ფულემ და კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ქეთრინ ეშტონმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არჩევნები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების კუთხით და ევროკავშირი-საქართველოს მომავალი ურთიერთობების ხარისხსა და ინტენსივობას განსაზღვრავს და იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები აქვთ.
განცხადების თანახმადვე, მათ თხოვნით მიმართეს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, უზუნველყონ მშვიდობიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო და ჯანსაღი მედიაგარემო.
„ჩვენ შეშფოთებული ვართ ამ კონტექსტში მზარდი პოლარიზაციითა და დაძაბულობით – არჩევანი პოლიტიკურ პროგრამებსა და იდეებს შორის უნდა გაკეთდეს. ჩვენს ხაზს ვუსვამთ პასუხისმგებლობას, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას აკისრია რათა უზრუნველყონ არჩევნების სათანადოდ ჩატარება და შესაბამისად, ლეგიტიმურობა. აუცილებელია, დაცული იქნას საარჩევნო კანონმდებლობა და ისე იყოს გამოყენებული, რომ ხელი შეუწყოს ნდობას საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და კანონის უზენაესობისადმი. ყველა პარტიამ და კანდიდატმა უნდა უზრუნველყოს მშვიდობიანი და პასუხისმგებლიანი გარემო არჩევნებისთვის, თავი შეიკავოს გამომწვევი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომლებიც ისედაც დაძაბულ გარემოს გააუარესებს და არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ დააყენებს," - ნათქვამია განცხადებააში და აღნიშნულია, რომ დემოკრატიის შექმნა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე აქტორების პასუხისმგებლობას ეფუძნება.
შტეფან ფულე და ქეთრინ ეშტონი ევროკავშირის სახელით კიდევ ერთხელ ძლიერ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გამოთქვამენ სურვილს, ევროკავშირი დარჩეს ჩართული ჟენევის დისკუსიებისა და მონიტორინგის მისიის მეშვეობით.
ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ძლიერი პარტნიორია და მხარს უჭერენ ამ დინამიური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მათი თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობისა და სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება.
„ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, შევინარჩუნოთ ტემპი თანამშრომლობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მომავალ წელს დასრულების მიზნით. ასევე, ჩვენი მიზანია, ვიზების ლიბერალიზაციის გეგმის განხილვა წლის ბოლომდე დავიწყოთ. საქართველო ახლა რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას - დემოკრატიის კონსოლიდაცია, ზრდის სარგებლის გავრცელება და მარგინალური ჯგუფების ფართო ინტეგრაცია, რაც არის ქართული საზოგადოების მდგრადი განვითარების გასაღები", - ნათქვამია შტეფან ფულესა და ქეთრინ ეშტონის ერთობლივ განცხადებაში.