„ინტერნიუსი-საქართველოს“ კვლევის თანახმად, რეგიონული ტელეკომპანიების უმეტესობა წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ავლენს - აღნიშნული შედეგი ორგანიზაციის მიერ 2 ივლისიდან 26 აგვისტომდე ჩატარებულმა რეგიონული ტელეკომპანიების ახალი ამბების მონიტორინგმა გამოავლინა.
ანგარიშის თანახმად, რეგიონული ტელეკომპანიები წინასაარჩევნოდ ყველაზე ხშირად ხუთი პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობას აშუქებდნენ და არ იყო წარმოჩენილი საარჩევნო სუბიექტთა ფართო სპექტრი.
ეს ხუთი პოლიტიკური სუბიექტია - „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“, „ახალი მემარჯვენეები“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და „თავისუფალი საქართველო“.
„ტელეკომპანიების უმეტესობა დიდ დროს უთმობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას, რაც თითქმის ყოველთვის პოზიტიურ ჭრილში წარმოჩინდება“, - აღინიშნა კვლევაში.
ამასთან, მონიტორინგმა დაადგინა, რომ ხელისუფლების მიერ ინიცირებული პროგრამები ზედაპირულად, დამატებითი არგუმენტაციის გარეშე და უმეტესად დადებითად შუქდება.
„ინტერნიუსი-საქართველოს“ კვლევა 20 რეგიონულ ტელემაუწყებელზე განხორციელდა. შედეგების პრეზენტაცია დღეს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე მედია ჯგუფისა და ცესკო-ს წარმომადგენლების შეხვედრაზე გაიმართა.