წინასაარჩევნო პერიოდში მედიაში სიძულვილის ენის გააქტიურება შეინიშნება. აღნიშნული შედეგი „ინტერნიუსი საქართველოს“ მიერ ჩატარებულმა მედია მონიტორინგის კვლევამ აჩვენა, რომლის პრეზენტაციაც საარჩევნო საკითხებზე მომუშავე მედია ჯგუფისა და ცესკო-ს ადმინისტრაციის დღევანდელ შეხვედრაზე გაიმართა.
კვლევის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის სატელევიზიო ეთერში გამოყენებით ტელეკომპანია „მაესტრო“, „იმედი“ და „კავკასია“ ლიდერობენ.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მედია მონიტორინგმა გამოავლინა, რომ სიძულვილის ენის გამოყენების ყველაზე მაღალი - 30% ტელეკომპანია „მაესტროს“ ეკუთვნის, მას მოჰყვება „იმედი“ – 24%-ით და „კავკასია“ – 23%-ით.
გარდა ამისა, როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, „იმედის“ ეთერში სიძულვილის ენის ადრესატი ძირითადად, არის კოალიცია „ქართული ოცნება“, „მაესტროს“ ეთერში - პრეზიდენტი, ხოლო „კავკასიის“ შემთხვევაში - ხელისუფლება.
„ყველაზე ხშირად სიძულვილის ენის გამოხატვის ფორმებიდან ქართულ მედიაში გამოყენებულია არაკორექტული შეფასებები და ყველაზე ხშირად სიძულვილის ენის ადრესატები ქვეყნის პრეზიდენტი, ხელისუფლება და კოალიცია „ქართული ოცნება“ არიან“, - ნათქვამია კვლევაში.
რაც შეეხება, სიძულვილის ენის წყაროს, მონიტორინგის მიხედვით, მის ტირაჟირებას ყველაზე ხშირად ახდენს „ლეიბორისტული პარტია“, ჟურნალისტები და კოალიცია „ქართული ოცნება“.
დღევანდელ პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ სიძულვილის ენა არ დაფიქსირებულა რადიოსაშუალებების საინფორმაციო გამოშვებებში. ასევე გამოცემებში - „24 საათი“, „ახალი თაობა“, „სარკე“, „გზა“, „რეიტინგი“ და „თბილისელები“ ასევე, ინტერნეტპორტალებში - netgazeti.ge, tribuna.ge, liberali.ge.
„ინტერნიუსი საქართველომ“ სიძულვილის ენის ვერცერთი ფაქტი ვერც ტელეკომპანია „რუსთვი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებებში დააფიქსირა.
„რაც შეეხება ბეჭდურ მედიას, სიძულვილის ენის გამოყენების თვალსაზრისით ყველაზე აქტიურები არიან „ასავალ დასავალი“, „ალია“ და „კვირის პალიტრა“, ხოლო ინტერნეტგამოცემებიდან - „presa.ge“, - აჩვენა კვლევის შედეგებმა.
მომხსენებელ დიანა ჩაჩუას თქმით, სიძულვილის ენის წყაროდ ფიქსირდება პრეზიდენტის გამონათქვამებიც, თუმცა, მონიტორინგის აღნიშნულ პერიოდში ის ნაკლებად დაფიქსირდა.
შეხვედრაზე ასევე, აღინიშნა, რომ მონიტორინგს უნდა დაექვემდებაროს ისეთი გამონათქვამები, რომელიც ოპონენტს მტრად წარმოაჩენს.
„ინტერნიუსი საქართველოს“ მიერ აღნიშნული მედია მონიტორინგი 20-29 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა.