ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს კვლევის მორიგი ანგარიში წარმოადგინეს. ანგარიში 3-27 აგვისტოს პერიოდს მოიცავს. მისიის წევრებმა 24 ოლქი მოინახულეს და მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებთან, პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან 120-ზე მეტი შეხვედრა გამართეს.
ექსპერტების აზრით, NDI-ის წარმომადგენლების მხრიდან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვითარებისა და წინასაარჩევნო გარემოს შეფასებები ამჯერად გაცილებით უფრო კრიტიკული იყო, ვიდრე ეს წინა კვლევის შედეგებმა აჩვენა.
რამ გამოიწვია NDI -ის კრიტიკა, რა შეიცვალა 1 თვის განმავლობაში და რამდენად იქონიებს გავლენას ეს ხელისუფლებაზე, ამ საკითხზე From.ge ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
-ბატონო რამაზ, რამდენად შეინიშნება NDI -ის წინა და ახალ კვლევებს შორის განსხვავება და ამჯერად რა ტენდენციები შეინიშნება?
-NDI-ის ახალი შეფასებები აშკარად განსხვავდება წინა შეფასებებისგან. მასში ხელისუფლების მიმართ გაჟღერებული კრიტიკა ყველასთვის ნათელი და თვალშისაცემია. მე მომეჩვენა, რომ ინსტიტუტი თითქოს ცდილობდა გარკვეული ბალანსის დაცვას. ამ ანგარიშში ერთგვარი მცდელობა შეინიშნებოდა იმისა, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის პასუხისმგებლობა თითქოს თანაბრად გადანაწილებულიყო.
- თქვენი აზრით, რას უკავშირდება ეს ცვლილება?
- NDI-ის შეფასებებში მეტი კრიტიკა ვფიქრობ რამდენიმე დღის წინ საქართველოში მყოფ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს წარმომადგენელთა ვიზიტს უკავშირდება. ხელისუფლებამ და საქართველოში მიმდინარე პროცესებმა მათგან საკმაოდ მწვავე შეფასებები დაიმსახურა. როგორც ჩანს, ამან თავისი ასახვა და გავლენა იქონია NDI-ზე.
- NDI-ის შეფასებებში რა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი?
-ჩემთვის საერთოდ გაუგებარია ოპოზიციის მიმართ გაჟღერებული ის კრიტიკა, რომელშიც NDI ოპოზიციას დემოკრატიის დეფიციტის ხაზგასმაში ადანაშაულებს. თუ კი რეალურად არსებობს ასეთი დეფიციტი, მაშინ რატომ უნდა გაჩუმდეს ოპოზიცია ეს არის გაუგებარი. მით უმეტეს მაშინ, როცა ეს შენიშვნები წინა კვლევის შედეგებმაც აჩვენა, ანუ ეს პრობლემა რეალურად დგას. გამოდის, რომ ამ შეფასებებში გარკვეული შიდა წინააღმდეგობები შეინიშნება.
- და რამ გამოიწვია ეს წინააღმდეგობა?
- ეს ჩემი აზრით გამოწვეულია იმით, რომ NDI-ის წარმომადგენლებს სურთ ხელისუფლებასთან გარკვეული მისასვლელი გზა მაინც დაიტოვონ.
- როგორც აღნიშნეთ, NDI-ის წარმომადგენლებზე ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს წარმომადგენელთა შეფასებებმა იქონია გავლენა. ამჯერად იქონიებს თუ არა გავლენას NDI-ის შეფასებები ხელისუფლების შემდგომ ნაბიჯებზე და იღებს თუ არა ყურად ის აღნიშნულ კრიტიკას?
- ეს კვლევა ჩემი აზრით, ხელისუფლებაზე იქონიებს გავლენას. თუ კი, აქამდე NDI ტრადიციულად ლოიალური და რბილი იყო ხელისუფლების მიმართ, ახლა აშკარად კრიტიკული აღმოჩნდა მათი შეფასებები. წესით ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ რაღაც შესაცვლელია. უნდა გადახედონ მათ მიერ არჩეულ კურსს და ცვლილებები შეიტანონ იმ წინასაარჩევნო პოლიტიკაში, რომელსაც ამჟამად ადგანან.
-ბატონო რამაზ, შსს-ს დღევანდელ განცხადებაზეც შეგეკითხებით, სადაც უწყებამ სპეცოპარციის დროს საქართველოს 2 მოქალაქის დაღუპვის შესახებ აღიარა. აქამდე გაკეთებულ არაერთ განცხადებაში შსს ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა. როგორ ფიქრობთ, რა გახდა ამის დამალვის მიზეზი?
- სანამ ისტორია ბოლომდე გასაგები არ გახდება ძნელია იმ მიზეზების დასახელება, თუ რატომ მალავდა შსს ამ ფაქტს და რამ გამოიწვია ეს არეულდარეულობა საინფორმაციო პოლიტიკაში. ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა მოხდა, შესაბამისად, რამ გამოიწვია ვერც ამაზე ვიტყვით ვერაფერს.
- მაშინ რატომ აღიარა დღეს ეს ფაქტი? აქამდე არ ეცოდინებოდა?
- შსს-მ ხაზი გაუსვა იმას, რომ დაღუპულთა შესახებ დამატებითი ინფორმაცია საზოგადოების დიდი ინტერესის გამო გაასაჯაროა. ეს „საზოგადოებრივი ინტერესის“ ხსენება უკვე გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება ადრეც ცოდნოდა უწყებას ამ ფაქტის შესახებ, უბრალოდ იმის გამო არ გაასაჯაროა, რომ ფიქრობდა საზოგადოება აღნიშნული ფაქტების მიმართ ნეიტრალური აღმოჩნდებოდა.
- როგორ ფიქრობთ, გამოიწვევს თუ არა სიტუაციას დაძაბვას აღნიშნული ფაქტი? ან როგორ შეიცვლება ამის შემდეგ მოსახლეობის დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ?
- არ ვიცი რამდენად გამოიწვევს ეს სიტუაციის დაძაბვას, მაგრამ ჩემი აზრით, საზოგადოების კრიტიკას ნამდვილად გამოიწვევს. იმ რეგიონში მაცხოვრებლები როგორც აღნიშნავდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას აპირებდნენ. ალბათ ამის მერე გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრდებიან, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თავისთავად არასასურველი შედეგი იქნება.