აღსრულების ბიურომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ 9 შემომწირველის ქონების აუქციონზე გატანის პროცესი შეაჩერა.
როგორც აღსრულების ბიუროს პრესსამსახურის უფროსი ბესიკ ლილუაშვილი from.ge-სთან საუბარში აცხადებს, აუქციონზე ქონების გატანის პროცესის შეჩერების მიზეზი, შემომწირველების ნაწილის მიერ, სააღსრულებო ფორმის გაპროტესტება გახდა.
„შემომწირველებიდან ნაწილმა გააპროტესტა სააღსრულებო ფორმა. შესაბამისად, ჩვენ ვითვალისწინებთ ამ ადამიანების უფლებებს. არ გვინდა მათი უფლებები დაირღვეს და შესაბამისად, საქმის არსებით განხილვამდე, ეს პროცესი შეჩერებულია. გატანილი ქონება აუქციონიდან მოიხსნა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბანკ „ქართუს“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი და მისი თანამშრომლები კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობის გამო დაჯარიმდნენ.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ აღნიშნული პოლიტიკური დევნის ფაქტად შეაფასა და უწყებათაშორის კომისიას მათი ქონებაზე აუქციონის შეჩერებისკენ მოუწოდა.