ადამიანის უფლებათა ცენტრი დღეს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის კვლევის შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს.
ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ანგარიშში გაანალიზებულია საარჩევნო კანონმდებლობა, მისი დარღვევის კონკრეტული ფაქტები და გამოყოფილია ის ძირითადი პრობლემები, რაც როგორც ქართულ კანონმდებლობას, ისე ზოგადად მთლიან წინასაარჩევნო პროცესს ახასიათებს.
ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს საარჩევნო ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის არსებულ განსხვავებებზეა იქნება გამახვილებული.
„აგრეთვე, განხილულია, სახელმწიფო აუდიტის საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხები. ცენტრის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ყოფილი კონტროლის პალატის ძირითად ფუნქციას კონსტიტუციის 97-ე მუხლი განსაზღვრავს. აღნიშნული მუხლის პირველადი რედაქციით, კონტროლის პალატის უფლებამოსილებაში შედიოდა, მხოლოდ „სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვაზე“ ზედამხედველობა. 22 მაისს განხორციელებული ცვლილება-დამატებების შესაბამისად კი, უკვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურად ჩამოყალიბებული ყოფილი კონტროლის პალატის კომპეტენციაში შევიდა არა მხოლოდ სახელმწიფო არამედ, ზოგადად „საჯარო სახსრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვაზე“ ზედამხედველობა - მათ შორის, პოლიტიკური პარტიების არასახელმწიფო სახსრებზე ზედამხედველობა, უფლებამოსილება, რასაც ეს ორგანო ისედაც ახორციელებდა 2011 წლის 27 დეკემბერს პარტიათა შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად“, -ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა ცენტრში აცხადებენ, რომ ამგვარად, 2011 წლის 27 დეკემბრიდან 2012 წლის 22 მაისამდე კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული საქმიანობა პარტიათა არასახელმწიფო სახსრების მონიტორინგის თვალსაზრისით, არ იყო გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის იმ დროისთვის მოქმედი რედაქციით.
ანგარიშში, ასევე საუბარია ამომრჩეველთა სიებსა და პოლიტიკური ნიშნით სავარაუდო ზეწოლის, მუქარისა და დევნის გამოკვლეულ 39 შემთხვევაზე.