„ღია  დემოკრატიის კომიტეტმა“ უკრაინის არჩევნებზე დამკვირებლის აკრედიტაცია მიიღო

„ღია დემოკრატიის კომიტეტმა“ უკრაინის არჩევნებზე დამკვირებლის აკრედიტაცია მიიღო

არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტმა“ უკრაინაში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით აკრედიტაცია მიიღო. როგორც  „ღია დემოკრატიის კომიტეტში“ განმარტავენ, ეს კომიტეტისთვის  ბოლო 2 წლის მანძილზე არჩევნებზე დაკვირვების განხორციელების მიზნით უკვე მეოთხე აკრედიტაციაა.

„ჩვენი ორგანიზაცია 2010 წელს დაფუძნდა, ასე რომ ჩვენ ახალგაზრდა ორგანიზაცია ვართ, თუმცა ერთობ გვიხარია, როდესაც ვხედავთ, რომ უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია, არიდებს რა თავს პარტიულ პოლიტიკას და აძლევს აკრედიტაციას ჩვენი ორგანიზაციის მსგავს დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს“, - განაცხადა ბრაიან მეფორდმა, ღია დემოკრატიის კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისი თქმით, „ღია დემოკრატიის კომიტეტი“ უკრაინის ბოლო არჩევნების მიმართ,  კრიტიკულად  იყო განწყობილი და განმარტავენ, რომ იმედს აძლევთ ის, რომ უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია ითვალისწინებს პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიერ საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის ფაქტს და აკრედიტაციას ანიჭებს ისეთ კვალიფიციურ სადამკვირვებლო მისიებს, როგორიცაა ღია დემოკრატიის კომიტეტი. „საერთაშორისო დამკვირვებლების რანგში, ჩვენი საქმიანობის ნაწილია მასპინძელი მთავრობების კონსტრუქციული კრიტიკა, თუმცა, ვართ რა სრულიად დამოუკიდებლები, ჩვენ ასევე ვიტოვებთ იმის უფლებას, ვიყოთ ნაკლებად დიპლომატიურნი. ყოველი არჩვენების დროს, მათ შორის შეერთებულ შტატებში, ორგანიზაციები, როგორც წესი, პოულობენ პროცესის გაუმჯობესების გზებს და აკეთებენ შესაბამის მოხსენებებს. უკანასკნელ სადამკვირვებლო მოხსენებებში, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ ღია დემოკრატიის კომიტეტის ვებგვერდზე „ახალი ამბების“ განყოფილებაში, ორგანიზაციის მოხსენებებში მოყვანილია როგორც პოზიტიური,  ასევე მკვეთრად კრიტიკული შეფასებები, რაც ასახავს მათ დაკვირვებებს სხვადასხვა არჩევნებზე“, - აცხადებს ბრაიან მეფორდი.

მისივე თქმით, „ღია დემოკრატიის კომიტეტი“ 2010 წელს მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, ხოლო უკრაინაში აკრედიტაცია უკვე მესამედ მიიღო.

„საქართველოში ჩვენ ვახორციელებთ საკმაოდ ხანგრძლივი სადამკვირვებლო და მონიტორნიგის მისიას, რომელიც აპრილის თვიდან დაიწყო, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მოგვიწია მოცდა არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადებამდე, რის შემდეგაც შეგვეძლებოდა ოფიციალური აკრედიტაციისთვის განცხადების შეტანა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ასე სწრაფად მოგვანიჭა აკრედიტაცია, რითიც დაამტკიცა მისი მზაობა დემოკრატიული ღირებულებებისადმი,  ჩვენ ყველა მიზეზი გვაქვს, გვწამდეს, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაც ასევე პროფესიონალური და დემოკრატიული იქნება“, - განაცხადა მეფორდმა.