პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ალასანია ჩხორიაში და ერგეტაში მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ალასანიამ მაცხოვრებლებს კოალიციის პროგრამაზე ესაუბრა. მისი განცხადებით, ასი მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება სწორედ ზუგდიდის ეკონომიკაში, რომელიც მცირე გადამმუშავებელი ობიექტების გახსნასა და ვაჭრობის გაღვივებას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ ვისაუბრეთ, თხილის იმ მონოპოლიურ გარემოზე, რომელიც თხილის ფასებს ადგენს. როგორ შეიძლება ერთი ჯგუფი ადგენდეს, თუ რამდენად გაიყიდება თხილი, რომელშიც ადამიანები არაადამიანურ შრომას დებენ. ჩვენ რას ვაპირებთ? აქ დასრულდება თხილის წარმოების პროდუქციის ბოლო ეტაპიც. აქ შეიფუთება, დაეწერება დამზადებულია ზუგდიდში და ათმაგ ფასად გავა საზღვარგარეთ“, - განაცხადა ალასანიამ ჩხორიაში მოსახლეობასთან შეხვედრისას.
რაც შეეხება ერგეტაში, ალასანიამ ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ სოფელი მიტოვებულია და მიწების 70% დაუმუშავებელია.
ალასანიამ აღნიშნა, რომ ზუგდიდში ზუგდიდის ბიზნესის განვითარების ფონდი შეიქმნება.
„ზუგდიდში ზუგდიდის ბიზნესის განვითარების ფონდი შეიქმნება, რომელშიც კერძო ინვესტიციას პირველივე წელს ჩვენ ჩავდებთ. მოვიზიდავთ ინვესტიციებს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებისთვის დაეხმარება. ვისაუბრეთ, იმაზე თუ როგორ მოვუხსნით ჯანდაცვის პრობლემას ზუგდიდელებს. უამრავი ადამიანი მხვდება, რომელსაც ოპერაცია აქვს გასაკეთებელი და უსახსრობის გამო, ვერ იკეთებს, წამალს ვერ ყიდულობს. ეს ყველაფერი კი, იმის გამო ხდება, რომ ყველაფერი მაფიის ხელშია. ზუგდიდში ავაშენებთ რეგიონალური მასშტაბის სამედიცინო ცენტრს. ზუგდიდი დაიბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას - ქვეყნის გამთლიანებისა და აფხაზები დაინახავენ, რომ წელში გამართულ სამეგრელოსთან და საქართველოსთან მათი ურთიერთობა მათთვის უფრო მომგებიანი და გონივრული იქნება ვიდრე, რუსული ჩექმის ქვეშ ყოფნა“, - განაცხადა ალასანიამ.