ესპანელი რეჟისორის დევიდ ვიქტორის ფილმი „დანაშაული“ გახდა ვიდეოპორტალ YouTube-ს მიერ ორგანიზებული კინოფესტივალის „შენი კინოს“ გამარჯვებული.
ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ ფილმები 15 წუთიანი ქრონომეტრაჟით. კინოფესტივალ „შენი კინოს“ მხარდამჭერია კომპანია Scott Free Productions, რომლის დამფუძნებლები ცოტა ხნის წინ, ტრაგიკულად გარდაცვლილი რეჟისორი ტონი სკოტი და მისი ძმა, რიდლი სკოტი არიან. ფესტივალში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლო, რეგისტრაციისთვის გამოყოფილი იყო დრო 2თებერვლიდან 31 მარტამდე. ამ მონაკვეთში მონაწილეობის მსურველებს თავიანთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი უნდა გაეგზავნათ მითითებულ ინტერნეტ მისამართზე.
ჟიური ირჩევდა ფესტივალის მონაწილე 10 მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომლებიც ავტომატურად ფინალისტები ხდებოდნენ. წელს „შენი კინოს“ ფინალში იყვნენ ფილმები ქვეყნებიდან: ავსტრალია, აშშ, ბრაზილია, პორტუგალია, ბოლივია, დიდი ბრიტანეთი, ეგვიპტე და ესპანეთი.
ფესტივალის გამარჯვებულები გუშინ 2 სექტემბერს გამოვლინდნენ. ისინი ვენეციის კინოფესტივალზე მაიკლ ფასბინდერმა დაასახელა. დევიდ ვიქტორიმ აიღო მთავარი პრიზი 500 ათასი დოლარი. გამარჯვებულმა აღნიშნა, რომ ჯილდოს, შემდეგი კინოპროექტის შექმნას მოახმარს, რომლის პროდიუსერები მაიკლ ფასბინდერი და რიდლი სკოტი იქნებიან.