კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო წვრთნების „კავკასია 2012“ გეოგრაფიული არეალიდან ჩეჩნეთის ტერიტორიის ამოღება არა საქართველოს სიმშვიდისთვის არამედ, დაღესტანში ვითარების დაძაბვის შედეგად გადაწყდა.
„ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთს პრობლემა აქვს, დაღესტნის გამო დაიძაბა ვითარება. დაძაბულობა არ უნდა და ამის გამო ამოიღო. ანგარიში გაუწია ჩეჩნეთში მიმდინარე პროცესებს და არა საქართველოს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთმა „საქართველოს მშვიდად ყოფნის გამო“ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე „კავკასია 2012“-ის ჩატარება გადაიფიქრა.
როგორც „იზვესტია“ სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბზე დაყრდნობით იუწყება, 17-23 სექტემბერს ჩანიშნული ფართომასშტაბიანი სწავლება „კავკასია 2012“-ის პოლიგონების სიიდან ჩეჩნეთის ტერიტორიაზე განლაგებული სასწავლო კომლექსები: „ალპიისკი“, „გვარდეისკი“ და „კალინოვსკი“ ამოიღეს. მისივე ცნობით, ადრე გენშტაბმა სწავლებაში მე-4 (სამხრეთ ოსეთი), მე-7 (აფხაზეთი) და 102-ე (სომხეთი) რუსული სამხედრო ბაზების სწავლებაში ჩართვაზე თქვა უარი.
სამხედროების განმარტებით, გეოგრაფიული შეზღუდვები საქართველოს სიმშვიდისთვის დაწესდა. „გადავწყვიტეთ, კავკასიაში დაძაბულობისთვის ზედმეტი საფუძვლები არ შევქმნათ, ამიტომ საქართველოსთან ახლოს სასწავლო საბრძოლო მოქმედებების წარმართვაზე უარი ვთქვით“, - აცხადებს გამოცემასთან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი.