საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის შოთა მალაშხიას შეფასებით, ლოპოტას ხეობის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს-მ მხოლოდ იმ ფარგლებში უნდა გასცეს პასუხი კითხვებს რა ფარგლებშიც საზოგადოებისთვის აუცილებელია ინფორმაციის მიწოდება.
„ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია უნიკალური იყო, არ დაშავებულა არც ერთი მძევალი, სხვა დეტალები კი სპეცოპერაციის შემადგენელი ნაწილია. ჩემი აზრით, შსს-ს მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია საკმარისია, რადგან კარგად ვიცი სპეცოპერაციების სპეციფიკა“, - განაცხადა მალაშიამ.
ჟურნალისტებთან საუბარში მალაშხიამ განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო ლიკვიდირებულ პირთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის ამ დრომდე გავრცელება, რადგან იდენტიფიკაციას გარკვეული დრო სჭირდება.
მალაშხიას თქმით, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიარაღებული დაჯგუფების განეიტრალების დროს ორი რამ არის მთავარი: პირველი, ეს არის მძევლის გათავისუფლება და რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი იმ ადამიანთა შორის, ვინც სპეცოპერაციას ატარებს.
„ამ მიმართულებით სპეცოპერაცია უნიკალურად ჩატარდა“, – აღნიშნა მალაშხიამ და დაამატა, რომ მძევალთა შორის მსხვერპლი არ არის და თან ოპერაცია ისეთ სივრცეში ტარდება, სადაც ეს ადამიანები სიტუაციას „ჯი-პი-ეს“ სისტემით აკონტროლებენ და ტანკსაწინააღმდეგო და ვერტმფრენების ჩამოსაგდები საშუალებები ჰქონდათ.