2011-2012 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ. საქართველოს პრეზიდენტის ინიცირებული „განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა“ გრძელდება. პროექტის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლებს გადასცემს. 2012 წელს საქართველოს მასშტაბით 780 ოქროსა და 1041 ვერცხლის მედალი გაიცემა. მედალოსანთა ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისში, იმერეთსა და აჭარაშია. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნეირების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ თბილისის სკოლების 300-მდე კურსდამთავრებულს პირადად გადასცა ოქროს მედლები და მომავალი წარმატებები უსურვა.
3 სექტემბერს ოქროს მედლები იმერეთის რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებსაც გადაეცათ. იმერეთის რეგიონს 2011-2012 სასწავლო წელს 114 ოქროსა და 60 ვერცხლისმედალოსანი ჰყავს. ოქროს მედლები მიიღეს დღეს აჭარის რეგიონის წარჩინებულებმაც, აჭარას 111 ოქროსა და 102 ვერცხლისმედალოსანი ჰყავს.
ოქროს მედლები მიიღეს ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონის წარმატებულმა მოსწავლეებმაც. 2011-2012 წლისათვის ქვემო ქართლის რეგიონს 41 ოქროსა და 52 ვერცხლიმედალოსანი ჰყავს ხოლო, კახეთს - 75 ოქროს და 190 ვერცხლისმედალოსანი.
სასწავლო პროცესში გარდა სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შექმნისა, მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლების ხელშეწყობის ერთ-ერთი საშუალება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებული მოსწავლეების წარმოჩენაა. ამ მიზანს ემსახურება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი.
მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები „ეროვნული სასწავლო გეგმით“ რეგულირდება. 2011-2012 სასწავლო წლის წარჩინებით სკოლადამთავრებულებისათვის სახელობითი ოქროსა და ვერცხლის მედლები დამზადდა. სახელისა და გვარის გარდა მათზე მითითებულია შესაბამისი წელი.