„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხათუნა ოჩიაური ბიძინა ივანიშვილს პედაგოგების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით ოჩიაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება ბოლო დღეების განმავლობაში თვალს ადევნებს ივანიშვილის მიერ პედაგოგების შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოხსენიებას და აღნიშნა, რომ პარტიისთვის ასეთი თავდასხმები მიუღებელია.
„პედაგოგები ქართული საზოგადოების ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია და მათზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალია. ჩვენ ვაცხადებთ, რომ საქართველოში ჩატარდება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. გაგრძელდება განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები. დღეის მდგომარეობით დაზღვეულია ყველა პედაგოგი. წარმატებით ხორციელდება პედაგოგთა სერთიფიცირების პროცესი, რის შედეგადაც გაიზარდა და კიდევ გაიზრდება მათი ხელფასები. რემონტდება სკოლები, რათა პედაგოგებს უკეთესი სამუშაო პირობები შეექმნათ, რადგან მათ მომავალი თაობის აღზრდას ვანდობთ", - განაცხადა ხათუნა ოჩიაურმა.
მისივე თქმით, პედაგოგები საქართველოში საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული ნაწილი უნდა იყოს და მომავალში მათ სახელმწიფოს მხრიდან უნდა ნახონ მეტი სარგებელი.