ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით დარჩიაშვილის განცხადებით, სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულებს შორის, საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, ფაქტის გასაიდუმლოებას არ უკავშირდება.
დარჩიაშვილი შს სამინისტროს მიერ, გაკეთებულ განცხადებებში ურთიერთგამომრიცხაობას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ აუცილებელი იყო ზუსტად დადგენილიყვნენ, თუ ვინ იყო გარდაცვლილებში.
„ჯერ ალბათ, უნდა დადგენილიყო თუ ვინ იყო ლიკვიდირებულები. შეიძლება, ეს უცებ ვერ დადგინდა და შემდეგ დადგინდა. შეგნებულად ამის დამალვის მცდელობას რა ლოგიკა უნდა ჰქონდეს არ ვიცი. თუკი ლიკვიდირებულებში საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდებოდნენ ბუნებრივია, მათი დაკრძალვა საქართველოში მოხდებოდა. მათ ეყოლებოდათ ახლობლები და ოჯახები. ეს არ იმალება და ამის დამალვის ჩანაფიქრიც აბსურდია. მათ პასპორტები ედებოდათ ჯიბეში თუ რა? აბსოლუტურად არალეგალური გზით მიდიოდნენ. შემდეგ ეს ყველაფერი დადგინდა და ითქვა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, ნებისმიერი გარდაცვალება მითუმეტეს, ასეთ ვითარებაში ტრაგედიაა. „სახელმწიფო არის სახელმწიფო და როდესაც შეიარაღებულ ფორმირებას არალეგალურად ქმნი, მასში მონაწილეობ, გაქვს იარაღი, სჩადიხარ უკანონობას, კვეთ საზღვარს და საერთოდ დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობას აპირებ, რა თქმა უნდა, მაშინ სახელმწიფო ვალდებულია ისე იმოქმედოს, როგორც მოქმედებს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.