„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან აქცია „მეტი სარგებელი ვლადიმერს" გამართეს.
კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდა აქტივისტები სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთან სასტვენებით, საყვირებით და პლაკატებით მივიდნენ და ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდულ საქმეთა ოფისებში არსებული ვითარება გააპროტესტეს.
როგორც აქციაზე ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, საქართველოს მასშტაბით არაერთი ახალგაზრდული ცენტრი აშენდა, თუმცა მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა.
საპროტესტო აქციაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ის ფოტომასალაც მიიტანეს, სადაც ასახულია ახალგაზრდულ საქმეთა ოფისების მდგომარეობა, კერძოდ, ცუდად შესრულებული სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები.
ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ცოტნე ზურაბიანის თქმით, აუცილებლად აცნობებენ მსოფლიო ბანკს და იაპონიის მთავრობას, თუ როგორ დაიხარჯა მათ მიერ გამოყოფილი მილიონები და რამდენად უხარისხოდ ჩატარდა სამშენებლო თუ სარემონტო სამუშაოები.
როგორც აქციაზე განაცხადეს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ბინების მისამართებზე გადაუგზავნიან იმ დოკუმენტაციას, სადაც ასახულია თუ რა რაოდენობის პრემიებს იწერს მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი.
ასევე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები მოუწოდებენ ნათია მოგელაძეს, დაინტერესდნენ ახალგაზრდულ საქმეთა ოფისების ხარჯთაღრიცხვით.
„მოვუწოდებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელს ნათია მოგელაძეს, ნუ დაინტერესდება „ქართული ოცნების“ გადარიცხვა-გადმორიცხვებით, არამედ დაინტერესდეს სად მიაქვს ეს ფული ვარძელაშვილს. ასევე, მოვუწოდებთ ვარძელაშვილს, თავი დაანებოს ზონდერობას, ჩამოვიდეს სამტრედიიდან, სადაც ის კალაძის მხარდამჭერებს დევნის. თუ არ ჩამოვა ჩვენ ჩავალთ და სადაც უნდა იყოს, პირადად მოვთხოვთ პასუხს“ - განაცხადა ზურაბიანმა.