სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრო მიერ, სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულებს შორის, საქართველოს მოქალაქეების აღმოჩენის გასაიდუმლოებას გაუგებრად მიიჩნევს.
ალადაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღიარება იმის განმაპირობებელია, რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებმა და დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა დარწმუნებით აჩვენეს კადრები, რომ დაღუპულებიდან რამდენიმე ადამიანი პანკისის ხეობიდან იყო.
შესაბამისად, ალადაშვილი მიიჩნევს, რომ ალბათ, ამ ფაქტების უარყოფა შეუძლებელი გახდა და ამიტომაც შს სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა.
„პრინციპში, მართლაც გაუგებრად ჩანს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ აცხადებს, რომ სპეცოპერაცისას ლიკვიდირებულებს შორის, აბსურდულია საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, ერთ დღის შემდეგ კი, ის უკვე ადასტურებს, რომ მათთან ორი, საქართველოს მოქალაქე -პანკისის ხეობის მაცხოვრებელია. ვფიქრობ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავი უხერხულობაში ჩაიყენა“, - განაცხადა ალადაშვილმა.
მისი თქმით, თვითონ ფაქტი, რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესებში არაა, როდესაც საქართველო-რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, საქართველოს წარმომადგენლები შეიარაღებულნი არიან.
„სავარაუდოდ, ერთ-ერთი ვერსია ასეთია, რომ ეს ჯგუფი რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. ესენი, რუსებს, რომ დაეკავებინათ და მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები აღმოჩენილიყვნენ, ეს კიდევ ერთ საბამს მისცემდა რუსეთს ბრალი დაედო საქართველოსთვის, რომ საქართველოს ტერიტორიიდან ტერორისტები და ბაევიკები შედიან“, - განაცხადა ალადაშვილმა.
სამხედრო მიმომხილველი მიიჩნევს, რომ ლაფანყურის ოპერაციასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი.
„ბევრი რაღაც არაა ისე, როგორც ხელისუფლება ამას ოფიციალური განცხადებებით აცხადებდა. იქ იმდენი ნიუანსი შეიძლება აღმოჩნდეს, რაც ბევრ კითხვას გააჩენს ხელისუფლების მოქმედებათან დაკავშირებით. არა მხოლოდ უშუალოდ ოპერაციის დროს არამედ, მანამდე. საერთოდ, როგორ შეიქმნა ეს ჯგუფი, როგორ შეიარაღდა და როგორ მოხვდა ლოპოტას ხეობაში“, - განაცხადა ალადაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე ხელისუფლების ან შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიმე პასუხისმგებლობაზე საუბარი შეუძლებელია და აღნიშნავს, რომ ასეთ ქმედებაზე თვითონ საზოგადოებას შეუძლია აზრი გამოიტანოს.
„უცნაური იყო ის, როდესაც შს სამინისტრომ ამ ოპერაციის ვიდეო კადრები გააშუქა, იქ ლიკვიდირებულების საახეები დაფარული იყო, ხოლო ვისაც ისინი გამოჰყავდათ, სამხედრო მოსამსახურეებს და პოლიციის თანამშრომლებს, მათი სახეები ჩანდა. როგორც წესი, ეს პირიქითაა. აჩვენებენ ლიკვიდირებულების სახეებს, ხოლო ვინც სპეცოპერაციაში მონაწილეობს, მათი სახეები დაფარული უნდა იყოს. თავიდანვე ვამბობდი, რომ მათი სახეების ამოცნობით, მათი იდენტიფიკაციით შესაძლებელი იქნებოდა დადგენა, რომელი ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ და რა მიზანი ამოძრავებდათ. ამიტომ ეს კითხვები კიდევ რჩება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, კიდევ რა დამატებითი დეტალები
გაირკვევა“, - განაცხადა ალადაშვილმა.
პანკისის ხეობაში 6 გაჭრილი საფლავიდან მხოლოდ 4-ღა რჩება. 2 გარდაცვლილის ცხედარი კი ოჯახებს უკვე გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ9 ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ასლან მარგოშვილისა და ბაჰაუდი ალდამოვის გვამები გვიან ღამით დაკრძალეს. თავდაპირველად იყო ვარაუდი, რომ ცხედრებს ხეობაში 23 საათისთვის მიასვენებდნენ, თუმცა საბოლოოდ გარდაცვლილთა გვამები ახლობლებს დილის 2 საათზე გადასცეს.
შეგახსენებთ, დღეს შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღიარებს, რომ ლოპოტას ხეობაში ჩაატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული 11 პიროვნებიდან 2 საქართველოს მოქალაქეა. როგორც ირკვევა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ აღიარებამდე საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე მივიდა.
განცხადების თანახმად, იდენტიფიცირებული 7 ცხედრიდან 2 საქართველოს მოქალაქეა: ასლან მარგოშვილი - დაბადების თარიღი: 28/06/1990. ბაჰაუდინ ქავთარაშვილი - დაბადების თარიღი 07/02/1986
„5 ცხედარი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან, აქედან ერთ-ერთი ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი არის დაბადებული გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში.
დანარჩენი იდენტიფიცირებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან: დუკვახა დოშუევი - დაბადების თარიღი: 19/01/1968, დაბადების ადგილი: ჩეჩნეთი, ქ. ვეგენო. სალამ ზაურბეკოვი - დაბადების თარიღი: 14/12/1991, დაბადების ადგილი: ჩეჩნეთი, ქ.გროზნო. ხაშიევ ჯაბრაილი- დაბადების თარიღი: 24/01/1989 დაბადების ადგილი: ინგუშეთი. მუსა ადუევი - დაბადების თარიღი: 28/03/1981, დაბადების ადგილი: ქ. გროზნო", - აღნიშნულია განცხადებაში.