კახა ბენდუქიძე commersant.ge–სთან ლარისა ბურაკოვას წიგნის „რატომ გამოუვიდა საქართველოს“ ერთ -ერთ ეპიზოდზე, სადაც ბენდუქიძის საქართველოში ჩამოსვლის პერიოდზეა საუბარი და ამ მოვლენაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის როლიცაა ნახსენები, კომენტარს არ აკეთებს.
წიგნს „რატომ გამოუვიდა საქართველოს?“რუსეთში ბიზნეს-ლიტერატურის ერთ-ერთი უმსხვილესი გამომცემლობა „ალპინა“ გამოსცემს. ლარისა ბურაკოვა ნაშრომზე 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. წიგნის ავტორი საქართველოში არაერთხელ ჩამოვიდა, სადაც რეფორმების ავტორებსა და მათ ოპონენტებს გაესაუბრა.
წიგნის მეორე თავში სახელწოდებით „ახალი ქვეყნის დაბადება“, ბურაკოვას თავად ბენდუქიძის მონათხრობი მოჰყავს:
„2004 წელს გადავდექი „გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნების“ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან. საქმეები კიდევ მრჩებოდა, მაგრამ ყოველდღე გადაწყვეტილებების მიღება არ მიწევდა. მეტ ყურადღებას ვუთმობდი ეკონომიკის უმაღლეს სკოლას, ვფიქრობდი, რა მეკეთებინა. მაის-ივნისში ვაპირებდი საფრანგეთში და ესპანეთში წასვლას - რამე სახლის შესათვალიერებლად ხედით ზღვაზე, ვათვალიერებდი კატალოგებს და ამ დროს, დამირეკა არკადი ვოლსკიმ (ვოლსკი 1992 წლიდან 2005 წლამდე პერიოდში რუსეთის მეწარმეთა კავშირს ხელმძღვანელობდა – ავტორი). მეუბნება: საქართველოში უნდა წახვიდე. ვპასუხობ: მე სხვა გეგმები მაქვს! ის კი თავისას იმეორებს: საჭიროა, ხომ გესმის, რას ვიზამთ შენს გარეშე? მორჩა, მივდივართ. სააკაშვილმა მიგიწვია, პუტინი თანახმაა. ყველაფერი მომზადებულია, ჩარტერი შეკვეთილი გვაქვს. გთხოვ, თორემ უხერხულია.
მანამდე საქართველოში თითქმის არ ვყოფილვარ. რატომ? იმიტომ, რომ ქვეყანაში ელექტროენერგია არ იყო, მუდმივად შეფერხებები იყო წყლის მიწოდებისას, ყველაფერი მოუწყობელი იყო. ნათესავები და მეგობრები ჩემთან ჩამოდიოდნენ.
ვიფიქრე, კარგი, ჩავალ, ქალაქი მტვრიანია, გზები საშინელ მდგომარეობაშია, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც შეიცვალა.“
შედგა თუ არა ეს დიალოგი ისე, როგორც წიგნშია მოთხრობილი? ჩამოვიდოდა თუ არა ბენდუქიძე იმ შემთხვევაში, პუტინს რომ თანხმობა არ მიეცა? რატომ სჭირდებოდა საქართველოში მის დაბრუნებას პუტინის თანხმობა?
ამ კითხვებზე commersant.ge-მ კახა ბენდუქიძისგან პასუხები ვერ მიიღო.როგორც commersant.ge წერს, მას შემდეგ,რაც ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა მოისმინა, თუ რა თემაზე ვურეკავდით, ტელეფონი გათიშა და ზარებს არც მოგვიანებით უპასუხა.