„ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, მისი პარტიისა და კოალიცია "ქართული ოცნებას" შორის მოლაპარაკებები დაწყებული იყო, თუმცა აღნიშნა, რომ გაერთიანების მცდელობა „შავმა კატამ ჩაშალა".
როგორც ბაღათურიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად ამისა, ისინი ერთმანეთის მიმართ პატივისცემას არ კარგავენ. ჯონდი ბაღათურიას საუბრისას არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ არის „შავი კატა", რომელმაც ბიძინა ივანიშვილსა და ბაღათურიას შორის გაირბინა.
„შავი კატა", რომელიც ცდილობს, ჩვენს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს, ძალიან კარგად ვიცი, ვინც არის. ვინც არის, ბიძინა ივანიშვილმაც კარგად იცის და, სხვათა შორის, მისგან ვიცი ამის შესახებ. რეალურად ვინ ჩაშალა "ქართული დასის" და კოალიცია "ქართული ოცნების" გაერთიანება ეს ინფორმაცია მე ბიძინასგან მაქვს, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ მოკავშირეები და ერთობლივად დავამარცხოთ სააკაშვილის ბანდა, რომელიც მართავს ქვეყანას", - აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ და დასძინა, რომ ამ პიროვნების დასახელების შესახებ, თუ სურვილი ექნება, თავად ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს განცხადებას.
ასევე ბაღათურიამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი მას პარტიულ სიაში ათეულში ყოფნას სთავაზობდა. ასევე იყო კიდევ მეორე შეთავაზება, რომელიც "მორალურ ხარვეზებს შეიცავდა", აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯონდი ბაღათურიას თქმით, ეს შეთავაზება მიუღებელი იყო.
„სულ ბოლოს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჰქონდა ივლისის ბოლოს და 2 აგვისტოს იგეგმებოდა მათი შეხვედრა. ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერთან შუამავლებს არასწორად მიჰქონდათ ინფორმაცია“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები კოალიციასთან არ შეწყვეტილა და თავის მხრივ მზად არის, დასხდნენ და რაღაც საკითხებზე ერთობლივად გაიარონ.
„ყოველივეს მიუხედავად, ზუგდიდში ჩვენ კონკურენტად არ დავუყენებთ ირაკლი ალასანიას და მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს მაჟორიტარებში შემოხაზონ 41 ნომერი, ხოლო პროპორციულში 23 ნომერი", - აღნიშნა ბაღათურიამ.