ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, უწყებათაშორისი კომისია უწყებათაშორისი ორგანოა და არა სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც ფორმალური აღსრულების მექანიზმები გააჩნია. აღნიშნულის შესახებ მისიის შუალდური ანგარიშშია მოცემული.
ანგარიშის თანახმად, უწყებათაშორისი კომისია „საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით“ შეიქმნა.
„როგორც ნახევრად-სამთავრობო უწყება, უწყებათაშორისი კომისია მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებისგან შედგება და აღმასრულებელ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ეფექტურ კოორდინაციას ემსახურება. უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებები სასამართლო ზედამხედველობას არ ექვემდებარება“ - ნათქვამია ანგარიშში.
განცხადების თანახმად, სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივად გამოყენების, ხელისუფლების მხრიდან ჩარევის და დაშინების შესახებ ბრალდებები სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან კვლავ ვრცელდება.
„სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის მიმართ ზოგადად დადებითია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უწყებათაშორისმა კომისიამ ზოგიერთ ბრალდებაზე მყისიერი რეაგირების უნარი გამოავლინა, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი კრიტიკულად აფასებს, იმას, თუ რა დროს ანდომებს უწყება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ბრალდებებზე რეაგირებას“ - აღნიშნულია ანგარიშში და აღნიშნული, რომ უწყებათაშორისი კომისია შემოსულ საჩივრებზე ოპერატიულ რეაგირებას ცდილობს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხრიდან „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონის დარღვევასთან დაკავშირებით გავლებული პარალელებისა, რჩება შთაბეჭდილება, რომ კანონის შერჩევითი აღსრულება ხდება, ხოლო დაკისრებული ჯარიმები არაპროპორციულია.
„უწყებებს, რომლებსაც ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე რეაგირება ევალებათ, არ გააჩნიათ უფლებამოსილება ან შესაძლებლობები, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებისა - განახორციელოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობა, ექვივალენტური იქნებოდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშში წარმოდგენილია NDI-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებები. მისია საარჩევნო ადმინისტრაციასა და პოლიტიკურ გარემოზე დამკვირვებელი სამი ანალიტიკოსისგან შედგება. ანგარიში 3-27 აგვისტოს პერიოდს მოიცავს. არჩევნების დღის მიმდინარეობას NDI დაახლოებით 20 მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით დააკვირდება.