დღეს, საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფონ რასმუსენი ეწვევა.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ტრადიციულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
აღნიშნული ვიზიტი მესამეა რასმუსენის ნატოს გენმდივნის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, რაც კალანდაძის თქმით, იმას ნიშნავს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და საქართველოს „თანამშრომლობის დინამიკა სულ უფრო იზრდება.
"ანდერს ფოგ რასმუსენი უკვე სამი წელია, ნატო-ს გენერალური მდივანია და ის მესამედ ჩამოდის საქართველოში. ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით ამ ვიზიტს, რაც ნათელი მაგალითია იმისა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა სულ უფრო ინტენსიურად ვითარდება", - განაცხადა კალანდაძემ.
ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი ერთდღიანია, რომლის ფარგლებშიც, იგი თბილისში, 5–7 სექტემბრისათვის დაგეგმილი ამბასადორიალის მონაწილე საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს შეხვდება და სპეციალური სტუმრის სტატუსით მათ წინაშე სიტყვითაც გამოვა.
რასმუსენი ასევე შეხვდება ქართულ ბატალიონს, რომელიც ავღანეთში გასამგზავრებლად ემზადება.