ნაციონალებმა სასწრაფო დახმარების ექიმები რაბათის ციხის მოსანახულებლად წაიყვანეს. სასწრაფოს ექიმებთან ერთად ახალციხეში იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძე. მას შემდეგ შემდეგ რაც განახლებული რაბათის ციხე მოინახულეს, ექიმებს სათანადოდ გაუმასპინძლდნენ.
ვინ გაიღო სასწრაფო დახმარების ექიმების ახალციხეში მგზავრობისა და მათი კვების ხარჯები, ამის შესახებ ინფორმაცია სასწრაფო დახმარების ექიმებს არა აქვთ.
ერთ-ერთმა ექიმმა from.ge-ს განუცხადა, რომ სასწრაფო დახმარების ექიმების ახალციხეში მგზავრობის და კვების ხარჯები სავარაუდოდ თბილისის მერიამ გადაიხადა, თუმცა, ამის მტკიცება ხელაღებით არ შეუძლია.
ექიმები ერთადერთი არ არის, ვისაც ნაციონალები რაბათის ციხის მოსანახულებლად ეპატიჟებიან. ამ დღეებში, მმართველ პარტიას საკუთარი კოორდინატორები და აქტივისტები ჯერ რაბათის ციხის მოსანახულებლად მიჰყავთ, შემდეგ კი მათ კვებას უზრუნველყოფენ.
კანონით, ნაციონალურ მოძრაობას საკუთარი აქტივისტებისა და კოორდინატორების ნებისმიერ კულტურულ ღონისძიებებზე დაპატიჟების უფლება აქვს, თუმცა, ეს თანხები პარტიამ საკუთარი ბიუჯეტიდან უნდა გასწიოს და არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
თუ ნაციონალებმა საკუთარი მხარდამჭერები რაბათის ციხის მოსანახულებლად საკუთარი ხარჯებით წაიყვანეს, შესაბამისი თანხები პარტიამ წინასაარჩევნო ღონისძიებების დროს გაწეულ თანხებში უნდა გაწეროს და აუდიტის სამსახურს ინფორმაცია წარუდგინოს.
ნაციონალური მოძრაობა საკუთარ კოორდინატორზე კარგა ხანია ზრუნავს. წინასაარჩევნოდ, მმართველი გუნდი საკუთარ კოორდინატორებს ხან რესტორნებში აქეიფებს და ხან კულტურულ ღონისძიებებზე დაჰყავს.