ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის მიხედვით, კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო ნომრის ირგვლივ დავამ ცესკო-ს ნეიტრალურობასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები წარმოშვა.
სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, ის, რომ ცესკო შესაძლოა კანონის ვიწრო განმარტებით ხელმძღვანელობდა, ბევრმა პოლიტიკურ გადაწყვეტილებად დაახასიათა, რაც ქართული პოლიტიკური გარემოს ამჟამინდელ მდგომარეობაზე მიუთითებს.
„კამპანიის სხვადასხვა მასალების დიზაინით ბრენდის შექმნას პარტიები დიდ დროსა და რესურსს უთმობენ. საარჩევნო ნომერი, რომელიც საარჩევნო ბიულეტენზე სუბიექტების რიგითობას განაპირობებს, ბრენდის შექმნაში დიდ როლს თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება არ გამოუთქვამს, კოალიცია „ქართული ოცნებისთვის" საარჩევნო ნომრის ირგვლივ დავამ ცესკო-ს ნეიტრალურობასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები წარმოშვა. 20 აგვისტოს ცესკომ „ქართულ ოცნებას" „41" მიანიჭა და განაცხადა, რომ "იმისთვის რომ საარჩევნო ბლოკმა დაიტოვოს მასში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის რიგითი ნომერი, ბლოკში შემავალ ყველა პარტიას მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული უკანასკნელ არჩევნებში", თუმცა საარჩევნო კოდექსის არც ქართულ ვერსიაში და არც ინგლისურ თარგმანში ფრაზა „ყველა პარტია" არ ფიგურირებს", - ნათქვამია მისიის შუალედურ ანგარიშში.
აღნიშნული მისია საარჩევნო ადმინისტრაციასა და პოლიტიკურ გარემოზე დამკვირვებელი სამი ანალიტიკოსისგან შედგება. ანგარიში 3-27 აგვისტოს პერიოდს მოიცავს. მისიის წევრებმა 24 ოლქი მოინახულეს და მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებთან, პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან 120-ზე მეტი შეხვედრა გამართეს.