"არჩევნების დღის დანიშვნის შემდეგ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იმატა”, - ეს მონაცემი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ანგარიშშია ასახული.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, პოლიტიკური ზეწოლისა და ანგარიშსწორების შემთხვევები ძირითადად კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტების მიმართ განხორციელდა.
„მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის 10 შემთხვევა, პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებისა და ძალადობის - 15, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის - 7, პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის – 8, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის – 10, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის – 3. სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან განთავისუფლების – 4, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობაში ჩარევის და ხელის შეშლის – 4 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 31 შემთხვევა“, - განაცხადა მან.
მისი განცხადებით, ანგარიში ასევე მოიცავს ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული საჯარო შეხვედრების და მოქალაქეთათვის პარტიების მიერ მიცემული დაპირებების შესახებ.
„სამართლიანი არჩევნების" დაკვირვებით, 1-იდან 21 აგვისტომდე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 182, "ქართულმა ოცნებამ" - 376, "ახლებმა" – 31, "ქრისტიან-დემოკრატებმა" – 34, "თავისუფალმა საქართველომ" – 5 და პარტიამ "სამართლიანი საქართევლოსთვის" კი 4 საჯარო შეხვედრა გამართა.
„ანგარიშში დაფიქსირებულ სამართალდაღვევების შესახებ ორგანიზაცია ინფორმაციას მიაწვდის უწყებათაშორის კომისიას, ცესკო-ს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და აუდიტის სამსახურ“, - აცხადებს ლომჯარია.
„სამართლიანმა არჩევნებმა" წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეხუთე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 1-ელი აგვისტოდან 26 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.
როგორც "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი აცხადებს, შემდეგ ანგარიშში ორგანიზაცია აუცილებლად ასახავს იმ რეაგირების ფაქტებს, რომლებსაც აღნიშნული უწყებები მოახდენენ ანგარიშში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით.
ანგარიშს ორგანიზაცია სექტემბრის მეორე ნახევარში წარმოადგენს.