ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმოამდგენლების აზრით, აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებები დამსჯელი და „არაპროპორციული“ ხასიათისაა. ამის შესახებ NDI-ის დღეს გავცელებულ შუალედურ ანგარიშშია ნათქვამი.
როგორც მისიის წარმომადგენლები აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილისა და კახი კალაძის პირადი ანგარიშების დაყადაღებამ გაამყარა წარმოდგენა კანონის არაპროპორციული და შერჩევითი გამოყენების შესახებ.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ პარტიების მიერ ფინანსების შესახებ სწორი ანგარიშგების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კომუნიკაციისა და ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა.
„პარტიების მიერ ფინანსების შესახებ სწორი ანგარიშგების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კომუნიკაციისა და ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა. მიუხედავად ამისა, სამსახურის მიერ ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილისა და კახი კალაძის პირადი ანგარიშების დაყადაღებამ იმ მოტივით, რომ მათ ვერ დაადასტურეს საკუთარი ანგარიშებიდან გამოტანილი მილიონობით დოლარის კამპანიის საქმიანობისთვის არმოხმარება, გაამყარა წარმოდგენა კანონის არაპროპორციული და შერჩევითი გამოყენების შესახებ. ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეების განცხადებით, აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებები დამსჯელი და "არაპროპორციული" ხასიათისაა", - ნათქვამია ანგარიშში.
მისიის წარმომადგენლები, აუდიტის სამსახურის მიერ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი ექვსი პარტიის საბანკო ანგარიშებზე ინკასოს დადების გადაწყვეტილებასაც აფასებს და მიიჩნევს, რომ გაუგებარი იყო, რა ფორმულა გამოიყენა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პარტიების ანგარიშებიდან თანხის ჩამოჭრის დროს.
განცხადების თანახმად, იმავე კვირას, როდესაც ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ განცხადება გააკეთეს, უწყებათაშორისმა კომისიამ აღსრულების ეროვნულ ბიუროს რეკომენდაციით მიმართა და ბიუროც დათანხმდა, გადაედო ჯარიმის ამოღების აღსრულება.
„ეს შემთხვევა ადასტურებს, რომ ხელისუფლება კამპანიის ფინანსების კანონის გამოყენებისა და აღსრულებისას რიგ გამოწვევებს აწყდება. აღნიშნულ საკითხს კიდევ უფრო ართულებს კამპანიის ფინანსების კანონისადმი "ქართული ოცნების" დამოკიდებულება, რაც აისახება განმეორებით განცხადებაში, რომ კოალიციის ლიდერები უარს აცხადებენ გადაიხადონ მათი შეფასებით, "უკანონო" ჯარიმები", - ნათქვამია ანგარიშში.
აღნიშნული მისია საარჩევნო ადმინისტრაციასა და პოლიტიკურ გარემოზე დამკვირვებელი სამი ანალიტიკოსისგან შედგება. ანგარიში 3-27 აგვისტოს პერიოდს მოიცავს. მისიის წევრებმა 24 ოლქი მოინახულეს და მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებთან, პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან 120-ზე მეტი შეხვედრა გამართეს.