საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, საქართველოს ავღანეთიდან სამხედროები არ გამოჰყავს, - ამის შესახებ მან დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, უფრო მეტიც, იგეგმება ავღანეთში კონტიგენტის გაზრდა, კერძოდ, ოქტომბერში იქ დამატებითი ქვედანაყოფი გაიგზავნება.
გაზეთ "რეზონანსის" ინფორმაციით, საქართველოს ავღანეთიდან სამხედრო ქვედანაყოფები გამოჰყავს. "ავღანეთში მყოფი ქართული სამხედრო შენაერთები ეტაპობრივად ბრუნდებიან საქართველოში. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თბილისის აეროპორტში პრაქტიკულად ყოველდღე ერთი ან რამდენიმე რეისი სრულდება. ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები პირად საუბრებში ამას ადასტურებენ, თუმცა, ამ ღონისძიების მიზეზებსა და მიზნებზე არ საუბრობენ. ოფიციალურად კი ქართველ ჯარისკაცთა ავღანეთიდან ეტაპობრივად გამოყვანის ფაქტს არავინ ადასტურებს. "რეზონანსი" ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღებას თავდაცვის სამინისტროსგან ცდილობდა, თუმცა სამწუხაროდ უშედეგოდ. სამხედრო ექსპერტები გადაჭრით გამორიცხავენ, რომ ამით საქართველო ოფიციალურად ეთიშება ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციას და სრულად გამოჰყავს თავისი კონტინგენტი ავღანეთიდან", - წერს გაზეთი "რეზონანსი"