პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესპიკერი, მაია ფანჯიკიძე, კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიწვევას, სასაცილოს უწოდებს და მისი აზრით, ივანიშვილი ცესკოში არ მივა.
ფანჯიკიძის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიას საქართველოში ძალიან ცუდი სახელი აქვს და აღნიშნავას, რომ ამა თუ იმ ადამიანისა თუ რიგითი პოლიტიკოსის მოსაზრება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ლეგიტიმურია.
ფანჯიკიძის თქმით, ცესკო არა ნეიტრალური, არამედ პოლიტიზირებული ორგანოა, რომელმაც თავისი პოლიტიზირება მაშინ გამოამჟღავნა, როცა კოალიციას საარჩევნო ნომერი „7“ ჩამოართვა.
„მახსოვს, ცესკოს თავმჯდომარის ხარატიშვილის ირონიული განცხადება „მაესტროს“ ეთერში, როდესაც ამბობდა, რომ იცოდა, როგორ უნდა შეენარჩუნებია კოალიციას „7“ ნომერი - „მოსულიყვნენ, ვეტყოდი და ვასწავლიდი, არ მოვიდნენ და არ ვასწავლეო“. ვფიქრობ, ცესკო ხელს უნდა უწყობდეს თავისუფალი და დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემოს შექმნას ქვეყანაში და ხელოვნურად არ უნდა აფერხებდეს საარჩევნო გარემოს“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.