NDI-ის რძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის აზრით, ორივე მხარემ გვერდზე უნდა გადადოს მტრობა და მოახდინოს ძალადობის პრევენცია, ხოლო ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს კანონის თანაბარი აღსრულება და კანონდამრღვევთა დასჯა. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, მხარეები, რომლების საუბრობენ ბრალდებებზე, უნდა წარმოადგინონ ადეკვატური დოკუმენტაცია თავიანთი ბრალდებების გასამყარებლად.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, როგორც მმართველი პარტიის, ისე "ქართული ოცნების" ქმედებები მცდარ წარმოდგენებს ქმნის და არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს.
„ორ უდიდეს საარჩევნო სუბიექტს შორის პოლარიზაცია იზრდება იმ რიტორიკის შედეგად, რომელშიც ოპონენტები ერთმანეთს - ერთის მხრივ, საქართველოს სუვერენიტეტისთვის და, მეორეს მხრივ, დემოკრატიულობისთვის ფუნდამენტურ საფრთხედ წარმოაჩენენ. ეს რიტორიკა ამძაფრებს საარჩევნო გარემოს მიმართ უნდობლობას და განპირობებულია როგორც მმართველი პარტიის, ისე „ქართული ოცნების" ქმედებებით, რაც, თავის მხრივ, ქმნის მცდარ წარმოდგენებს და არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს", - ნათქვამია NDI-ის გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშში.
აღნიშნულ კონტექსტში, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ მთავრობა ვალდებულია, სამართლიანი საარჩევნო კანონები მიიღოს და ისინი მიუკერძოებლად აღასრულოს, ოპოზიცია კი, კანონს უნდა დაემორჩილოს. ანგარიშის თანახმად, მონაწილე მხარეების ქმედებები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ პოლიტიკური უპირატესობის მოპოვების მიზნით, ორივე მხარე დროდადრო ცდილობს ამ პასუხისმგებლობას თავი აარიდოს.
„ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან ჩარევის მაგალითები ფართოდ გავრცელებული გადაცდომების შესახებ დაუსაბუთებელ ბრალდებებში გადადის, რის გამოც, რთულია განასხვავო, მოყვანილი მაგალითები მიმდინარე საარჩევნო ციკლიდან არის, თუ წარსულის გამოცდილებას ემყარება. რჩება შთაბეჭდილება, რომ ჭორები და დაუსაბუთებელი ბრალდებები კანდიდატების, პარტიებისა და საარჩევნო პროცესის დისკრედიტირების მიზნით კამპანიის ხერხებად გამოიყენება. „ქართული ოცნების" მიერ მათი მომხრეების მიმართ განხორციელებული ძალადობის დასადასტურებლად წარმოდგენილმა ვიდეომ ცხადყო, რომ ძალადობას მართლაც ჰქონდა ადგილი კარალეთისა და მერეთის ინციდენტებში, თუმცა იმავე ვიდეოში არ ჩანს, თუ ვინ მოახდინა კონფლიქტის ინიცირება. "ქართული ოცნების" ორმა ფართომასშტაბიანმა აქციამ ბათუმსა და რუსთავში ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა კვლავ გრძელდება ცალკეული ძალადობრივი ინციდენტები. ეს ხელს უწყობს იმ აზრის დამკვიდრებას, რომ ორი უდიდესი საარჩევნო სუბიექტი ერთმანეთის მტერია და არა პოლიტიკური მოწინააღმდეგე, ან საარჩევნო ოპონენტი", - ნათქვამია აღნიშნულ ანგარიშში.
დოკუმენტში დამკვირვებლები კარალეთისა და მერეთის ინციდენტებზეც ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მათი მომხრეების მიმართ განხორციელებული ძალადობის დასადასტურებლად წარმოდგენილმა ვიდეომ ცხადჰყო, რომ ძალადობას მართლაც ჰქონდა ადგილი, თუმცა იმავე ვიდეოში არ ჩანს, თუ ვინ მოახდინა კონფლიქტის ინიცირება.
მათივე თქმით, „ქართული ოცნების" ორმა ფართომასშტაბიანმა აქციამ ბათუმსა და რუსთავში ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა კვლავ გრძელდება ცალკეული ძალადობრივი ინციდენტები.
მისია საარჩევნო ადმინისტრაციასა და პოლიტიკურ გარემოზე დამკვირვებელი სამი ანალიტიკოსისგან შედგება. ანგარიში 3-27 აგვისტოს პერიოდს მოიცავს. მისიის წევრებმა 24 ოლქი მოინახულეს და მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებთან, პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან 120-ზე მეტი შეხვედრა გამართეს.