კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საარჩევნო სიებით მანიპულირება ერთ-ერთი ის მეთოდია, რომლითაც ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას აპირებს.
ამის შესახებ ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა და კონკრეტულად ემიგრანტების მიმართ ხმის მიცემისთვის შექმნილ ხელოვნურ ბარიერებზე ისაუბრა.
„დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილია, რომ 1 მილიონი მოქალაქე ემიგრაციაში იმყოფება და საკუთრივ საქართველოს ტერიტორიაზე რეალურად 3.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა შორის საარჩევნო ხმის მიცემით 2 მილიონ 700 ათასი ამომრჩეველი სარგებლობს. ცესკოს მიერ რამდენიმე დღის წინ მოწოდებულ სიებში დაახლოებით 149 ათას ამომრჩეველზე მეტი ფიქსირდება, ვიდრე კომისიის მუშაობის დაწყებამდე“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი განმარტებით, სტატისტიკას, რომ დაახლოებით მილიონზე მეტი ადამიანი საქართველოს ფარგლებს გარეთ არის გასული და აღნიშნა, რომ ამას არა ერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი ადასტურებს.
„მიუხედავად ამისა, საარჩევნო სიებში ქვეყნიდან გასულად მხოლოდ 283 ათას ამომრჩეველზე მეტი იდენტიფიცირდება. ხოლო დაახლოებით 700 ათასი ამომრჩეველი კვლავ რჩება შესაბამისი აღნიშვნის გარეშე. ისინი არ არიან აღრიცხულები და არ არიან რეგისტრირებულები. ეს ყველაფერი კი იმისთვის კეთდება, რომ ხელისუფლებამ მინიმუმამდე დაიყვანოს საქართველოს იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, რადგან შემდეგ მათი სახელებითა და გვარებით საქართველოში გამართულ არჩევნებში მანიპულირება მოახდინონ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძის თქმით, ის რომ ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა უძნელდებათ, ამას რამდენიმე ფაქტი ადასტურებს. მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებულება, რომლითაც ქართველ ემიგრანტთა საკონსულო რეგისტრაცია მათი რეალური საცხოვრებელი ადგილების მიხედვით უკიდურესად გართულდა.ასევე, არჩევნების თარიღად სამუშაო დღის დასახელება.
ფანჯიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ემიგრანტების თხოვნის მიუხედავად, ცესკო არ აპირებს დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას.შესაბამისად, ხმის მიცემის უფლება იქ მცხოვრებთა ძალიან მცირე პროცენტს ექნება.
ფანჯიკიძის თქმით, უცხოეთში მყოფი 700 ათასი ამომრჩეველია იდენტიფიცირებული, რასაც ის იმ კრიტიკულ ფორმალურ ელექტრონულ მასად მიიჩნევს, რომელთაც პრეზიდენტი მაღალი ალბათობით არჩევნების მასობრივი ფალსიფიცირებისთვის გამოიყენებს.