პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ უწყებათაშორის კომისიას მიმართავს შეწყდეს აუქციონი, რომელიც 3 და 4 სექტემბერს კოალიცია „ქართული ოცნების“ შემომწირველების ქონებაზე ტარდება.
ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ამ საქმეებზე სამართალწარმოების განახლება მოითხოვა.
ფანჯიკიძის განცხადებით, საუბარია 9 ადამიანის, მათ შორის ნოდარ ჯავახიშვილის, ნატო ხაინდრავას და გოჩა ჩიკვილაძის ქონებაზე, რომლებიც „ქართუ ბანკის“ თანამშრომლები არიან.
ფანჯიკიძის განცხადებით, მათ ჰქონდათ მაღალი ხელფასი და შემოწირულობების განხორციელება თავისუფლად შეეძლოთ.
„მაგალითად, ნოდარ ჯავახიშვილის ხელფასი 10 ათასი ლარი იყო. მას საკომპენსაციოდ თანხა 20 ათასი გადაურიცხეს. 17 ათასი კი მან „ქართული ოცნების“ ანგარიშზე გადარიცხა, რაც მაინც დაუსაბუთებელ შემოსავლად იქნა მიჩნეული. ეს არის აშკარა ფაქტი, როდესაც შემომწირველთა დასჯა უკანონოდ ხდება. 9-ვე პირი მაშინაც მუშაობდა და დღესაც მუშაობს მაღალ ანაზღაურებად თანამდებობებზე და შეეძლოთ ხელფასიდან გამოექვითათ. თუმცა ამის მიუხედავად, მათი უძრავ-მოძრავი ქონება აუქციონზე გადის და მათი ღირებულება ჯარიმას ემატება“, - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ მაგალითად, ჩიკვილაძე 29 ათასი ლარით არის დაჯარიმებული, ხოლო აუქციონზე გატანილი მისი ქონება 40 ათას ლარს აჭარბებს.
ფანჯიკიძის თქმით, ხელისუფლება ამ ქონებას კი არ ყიდის, არამედ სხვადასხვა მაქინაციებით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევას გეგმავს.
კოალიციაში მიაჩნიათ, რომ წარმოდგენილი საქმე მოქალაქეთა პოლიტიკური ნიშნით დევნის მკაფიო მაგალითია და აუქციონის შეწყვეტა აუცილებლად მიაჩნიათ.