საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით, დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების, მოადგილეებისა და მდივნების ტრენინგის მეორე ეტაპი დაიწყება. ამის შესახებ ცესკომ განცხადება გაავრცელა.
როგორც ცესკო იუწყება, ტრენინგი 3 სექტემბდრიდან 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. სწავლებას სასწავლო ცენტრის მიერმომზადებული ფასილიტატორები და ტრენერები ჩაატარებენ. მასზე ამომრჩეველთა სიებს, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებების და კენჭისყრის დღეს განცხადება-საჩივრების წარმოების საკითხებს განიხილავენ.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლების კურსის მომდევნო ეტაპი 11-დან 27 სექტემბრამდე განხორციელდება.
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ტრენინგები ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტთან „სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტების და პროცესების გაძლიერება“ ერთობლივი პარტნიორობით.