ნაციონალური მოძრაობის წევრი კობა ხაბაზი აცხადებს, რომ თბილი ადგილებით დაინტერესებულნი მხოლოდ რუსულ ოცნებაში არიან.
ამჟამად დეპუტატი კობა ხაბაზი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიაში ვეღარ მოხვდა, არადა, ის ამ პარტიის ერთ–ერთი აქტიური სახე იყო.
კობა ხაბაზი ამბობს, რომ პარტიის სიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გუნდი იღებს და ის განსაზღვრავს მოცემულ ეტაპზე რა პრიორიტეტებია და ვისი საჭიროება არსებობს.
„გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება და მე ამ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ. აქტიურ საარჩევნო კამპანიას გავაგრძელებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერად“, - აღნიშნა from.ge–სთან საუბარში ხაბაზმა.
კითხვაზე - დეპუტატობის სანაცვლოდ რაიმე თანამდებობა ხომ არ შესთავაზეს, ხაბაზმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არანაირი შეთავაზება არ ჰქონია.
„ამაზე არც ვფიქრობ ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ჩვენს გუნდში არ არიან ადამიანები, რომლებიც „თბილი“ ადგილებით არიან დაინტერესებულნი. „თბილი ადგილების“ მსურველები რუსულ ოცნებაში მოიკითხონ, რომლებისთვისაც არც მრწამსი და არც ღირებულებებია მთავარი, მათთვის მთავარია პარლამენტში მოხვდნენ და ხელი მოითბონ ბიძინა ივანიშვილის ფულებით“, – აღნიშნა ხაბაზმა.
იგი აჭარის მოვლებებში განსაკუთრებით გამოჰყოფს იმ ადამიანების როლს, რომლებმაც აჭარა ასლან აბაშიძისგან გაათავისუფლეს, რომელსაც აჭარის საზღვრები გადაკეტილი ჰქონდა.
„იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩვენს გუნდში არიან, აჭარაში მცხოვრებ ადამიანებს მოგვიხსნეს ამ უხერხულობის განცდა, აჭარა დააბრუნეს საქართველოს სივრცეში. მე როგორ შემიძლია არ ვიყო ამ ადამიანების გვერდით, მე როგორ შემიძლია არ ვიყო მიხეილ სააკაშვილის გვერდით, რომელიც ყველაფრის თავი და თავი იყო. როგორ შემიძლია არ ვიყო ვანო მერაბიშვილის გვერდით, რომელიც დღე და ღამე მუშაობდა ამ მიმართულებით, როგორ შემიძლია არ ვიყო დათა ახალაიას გვერდით, როცა მას აჭარაში ვაგზავნიდით, დიდი ალბათობა იყო, რომ უკან ცოცხალი ვერ დაბრუნდებოდა, მაგრამ წარბიც კი არ შეუხრია. როგორ შემიძლია არ ვიყო ზურა ადეიშვილის გვერდით, რომელიც ყველა ჩვენი გადადგმული ნაბიჯის სულისჩამდგმელი იყო და ამირან მესხელის გვერდით“, – აღნიშნა კობა ხაბაზმა.