ჭიათურაში მღვიმე უნდოს კლდეში არქეოლოგებმა ვულკანურ ფერფლს მიაკვლიეს. სპეციალისტების ვარაუდით, აღმოჩენა 35 ათასი წლის წინ რეგიონში ყველაზე ძლიერ ვულკანურ ამოფრქვევას უკავშირდება.
როგორც ისინი აცხადებენ, სწორედ ამან მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა კავკასიის კლიმატურ ცვლილებებზეც. პარალელურად, სპეციალისტები საქართველოში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მიწისძვრასაც იკვლევენ, რომელიც, სავარაუდოდ, 80 ათასი წლის წინ დაფიქსირდა.
არქეოლოგებმა უნდო მღვიმეში ამ პერიოდის დათვების ნაშთებიც აღმოაჩინეს. სოფელ ვაჭევში არსებული უნდო მღვიმე მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს. აქ დაფიქსირდა კავკასიის რეგიონში არსებული პირველი კედლის მხატვრობა და უძველესი ადამიანების ნაშთები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე 300 ათასი წლის წინ ბინადრობდნენ.