საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ ფოთში ყოფნისას ჟურნალისტების შეკითხვაზე - მინისტრი ფლობდა თუ არა ინფორმაციას ნიკო ნიკოლაძის სახელით ცნობილი კოშკის ერთი ნაწილის შესაძლო დემონტაჟზე, ის ინფორმაციის გადამოწმებასა და საკითხის შესწავლას დაგვპირდა. მინისტრმა იქვე დასძინა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფა, არცერთ შემთხვევაში არ მოხდება.
„თუ მას ძეგლის სტატუსი აქვს, მას ანიჭებს და ხსნის კულტურის სამინისტრო. მე ამ ინფორმაციას გადავამოწმებ და ძალიან მეეჭვება, რომ ეს სიმართლეს შეესაბამებოდეს. წარმოუდგენელია, რომ რამე ძეგლის სტატუსის მქონე დაინგრეს. იცოდეთ, რომ გამორიცხულია“, - განაცხადა ნიკა რურუამ.
კოშკის ერთი ნაწილის შესაძლო დემონტაჟზე განცხადება ადგილობრივ ხელისუფლებაში რამდენიმე დღის წინ გაკეთდა, რასაც საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
ისტორიული ძეგლის ერთი ნაწილი შეიძლება, ფოთის რეაბილიტაციის პროექტს შეეწიროს. დემონტაჟი, ფოთის მთავარი არქიტექტორის, ნუკრი ტუღუშის განმარტებით, იმაზეა დამოკიდებული, აღმოჩნდება თუ არა საკმარისი სივრცე მიმდებარე ტერიტორიიის კეთილმოსაწყობად.
ამასთან, ისტორიული წყაროების მიხედვით, ნაგებობა, რომელმაც ნიკო ნიკოლაძის ფოთში მოღვაწეობის პერიოდში (1894-1912წლებში), კოშკის სახე მიიღო, XVI ს-ის 70-იან წლებში თურქებს ციხის სახით აუშენებიათ. ამის შესახებ 1654 წელს გამოცემულ წიგნში - „სამეგრელოს აღწერა“ იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი წერს, მისგან განსხვავებით, ფრანგი მოგზაური შარდენი კი უფრო ადრე პერიოდს - 1578 წელს ასახელებს.