"ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს საკუთარი რჩეულების სია ცესკოს წარუდგინა. სიაში ბევრი ნამინისტრალი და ამჟამინდელი დეპუტატი მოხვდა. ყოფილი მინისტრებიდან სიაში არიან: გიორგი ბარამიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, კობა სუბელიანი, გიორგი ხაჩიძე და ანდრია ურუშაძე. საარჩევნო სიაში არის კახეთის მხარეში ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი და ქუთაისის ყოფილი მერი გიორგი თევდორაძე, რომელიც თანამდებობიდან აგვისტოს შუა რიცხვებში გადადგა.
ნაციონალური მოძრაობის სიაში აუდიტის სამსახურის 2 მაღალი თანამდებობის პირი მოხვდა: თინათინ ბოკუჩავა და ლევან ბეჟაშვილი. თინათინ ბოკუჩავა 2012 წლის აპრილიდან დღემდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე იყო. მან მმართველი პარტიის სიაში მეოთხე ნომერი დაიკავა, ხოლო ლევან ბეჟაშვილი -22 ნომრად არის წარდგენილი. ორივე მათგანს ნაციონალებმა კონტროლის პალატაში სამსახური დაუფასეს და სიაში „კარგი ადგილი“ გამოუნახეს.
ნაციონალების ათეულში ადგილი გაინაღდა კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ყოფილმა პროკურორმა დავით საყვარელიძემ. ის მმართველი გუნდის სიაში მე-9 ნომერია.
ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველ 58 დეპუტატობის კანდიდატს შორის სამი 21-22 წლის ასაკისაა.
სიაში რიგით მე-10 არის სტუდენტთა დასაქმების პროგრამის პრეს-სპიკერი მარიამ საჯაია, რომელიც 1991 წელს არის დაბადებული. იგი ყოფილი დეპუტატის, ამჯამად აუდიტის სამსახურის თანამშრომლის ნაზი არონიას ქალიშვილია.
სიაში არიან ასევე 22 წლის სამირა ისმაილოვა და მერი კოკაია, რომლებიც 1990 წელს არიან დაბადებულნი.
მმართველი გუნდმა სადეპუტატო ასაკის 25 წლიდან 21 წლამდე შემცირებისთვის კონსტიტუციაში სპეციალური ცვლილება შეიტანა. სწორედ ამ ცვლილების შედეგად სამმა ახალგაზრდამ - მარიამ საჯაიამ, სამირა ისმაილოვამ და მერი კოკაიამ ნაციონალური მოძრაობის სიაში ადგილი მოიპოვა.
რაც შეეხება მინისტრების მოადგილეებს, მათგან სიაში მოხვდნენ: გიორგი კარბელაშვილი და გიორგი ვაშაძე. სიაში მოხვდა ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი, რომელთანაც თავის დროზე ოპოზიციას საკმაოდ ბევრი პრეტენზია ჰქონდა.
ნაციონალური მოძრაობის 50-ეულში ვერ მოხვდნენ ამჟამინდელი დეპუტატები: კობა ხაბაზი, რუსუდან კერვალიშვილი, გია როინიშვილი და რატი სამყურაშვილი, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დასაცავად „ხმალამოღებული“ იბრძოდნენ. მათ მმართველმა პარტიამ 50-ეულში ადგილი ვეღარ ან აღარ გამოუნახა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიაში, ცხადია, პირველი და მეორე ნომერი პარლამენტის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავეს.
მმართველმა გუნდმა საკუთარი საქმიანობა დაუფასა ჟურნალისტს ირმა ნადირაშვილს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. ის სიაში მე-16 ადგილზეა.
ახალი პარლამენტის პირველ სესიას "ნაციონალური მოძრაობის" უხუცესი დეპუტატობის კანდიდატი მოქანდაკე გოგი ოჩიაური გახსნის.
ოჩიაური სახელისუფლებო პარტიის სიაში რიგით მეთოთხმეტეა, იგი 1927 წელს არის დაბადებული და 85 წელი უკვე შეუსრულდა. მისი შვილი ხათუნა ოჩიაური კი სიაში 43-ე ადგილზეა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცესკოში სიის წარდგენამდე დეპუტატობის კანდიდატების ვინაობას საგულდაგულოდ ასაიდუმლოებდა. ბევრი მათგანმა ბოლო წუთებამდე არ იცოდა იყო თუ არა საარჩევნო სიაში. სიის საბოლოო ვარიანტი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაზუსტდა, რის შემდეგაც ის საჯარო გახდა.