პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის შეფასებისას აცხადებს, რომ გემოვნებაზე არ დაობენ, მათ შორის კი, არც პოლიტიკურ გემოვნებაზე.
„ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს პირველი ათეული და ბოლო ათეულიც ყველა პარტიას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ინდივიდუალურ დეტალებში ვერ ჩავრღმავდები, იმიტომ რომ ამ სიაში ჩემთვის ძალიან ბევრი უცხო ადამიანია. შესაბამისად, ვნახოთ, ერთი თვის განმავლობაში ვინ ვის გაცნობას მოასწრებს. დამოკიდებულება ზოგადად, ყოველი პოლიტიკური სუბიექტის მიმართ, ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უკვე გარკვეული აქვს. ამიტომ გვარები გადამწყვეტი ფაქტორი არ იქნება, თუნდაც ფრთიანი ანგელოზების სია იყოს ჩამოწერილი“, - განაცხდა ცისკარიშვილმა.
პოლიტოლოგის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ნომრად დავით ბაქრაძის დასახელება ლოგიკურია და აღნიშნავს, რომ ეს იმის მომასწავლებელია რისი სურვილიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია.
„ანუ პერსპექტივა ცვლილებების გარეშე ლოზუნგით - ვიქნებით, ვიქნებით“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
რაც შეეხება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველ 58 დეპუტატობის კანდიდატს შორის, სამი 21-22 წლის ადამიანის არსებობას, ცისკარიშვილის განცხადებით, 21 წლის პარლამენტარებთან ერთად, ცოტა კომიკური სიტუაცია იქმნება.
„ეს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, გამოყენებულ იქნება დემაგოგიის გაფურჩქნისათვის თემაზე - რატომ ერჩიან ახალგაზრდებს. არავინ ახალგაზრდებს არ ერჩის, მაგრამ ასაკი იმიტომაა ერთ-ერთი მახასიათებელი ყველა ადამიანისა, რომ ყველა ტიპის საქმიანობას საკუთარი ასაკი შეეფერება. ასაკს, რომ არ ითვალისწინებენ, ამაში უკვე დავრწმუნდით ლამის ძუძუმწოვარა მოსამართლეების არჩევით. შესაბამისად, შესაძლებელია 9- 10 წლის ბავშვებიც იყვნენ პარლამენტარები, რადგან სიაში 9- 10 წლის თუ 29 - 30 წლის ადამიანი იქნება, მათ მაინც არავინ არაფერს ეკითხება. ისინი უბრალოდ, პულტებზე თითის დამჭერებად იქნებიან გამოყენებულნი, უბრალოდ მეტი ხალისით გააკეთებენ ამას ვიდრე, მათი უფროსი კოლეგები“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.