ბლოკ „ივანიშვილი-ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი კახი კალაძე პარტიული სიის პირველ ნომრად წარდგენას საპასუხისმგებლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ძალიან კარგად აქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს იყო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი.
„ძალიან კარგად მაქვს გააზრებული, ძალიან კარგად ვიცი, თუ რამხელა პასუხიმგებლობაა ეს ყველაფერი. ნდობა, რომელიც ჩემმა თანაგუნდელებმა ჩემს მიმართ გამოიჩინეს, მაქსიმალურად ვეცდები, ყველაფერს გავაკეთებ გავამართლო“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, კოალიციაში სიის პირველ ნომრად წარდგენაზე რამდენიმე ადამიანზე იყო საუბარი.
„საუბარი იყო რამდენიმე პიროვნებაზე: ბიძინა ივანიშვილზე, ირაკლი ალასანიაზე, მაგრამ ჩემი დასახელება ერთობლივი შეთანხმების საფძველზე მოხდა, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი პასუხიმგებლობაა და ძალიან კარგად მაქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს იყოს ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი- ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი. პოლიტიკაში ჩემთვის ეს პირველი ნაბიჯებია, მაგრამ არ მეშინია, რადგან თითოეული დღე, რომელსაც ვატარებ დიდ გამოცდილებას მაძლევს“, - განაცხადა კალაძემ.