კოალიცია "ქართული ოცნების" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ბაგებისა და ვაჟა-ფშაველას მე-3 და მე -4 კვარტლების მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ძირითად პრობლემას, ისევე როგორც ყველა უბანში, უმშევრობა და მძიმე სოციალური ფონი წარმოადგენს, ძირითადი შეკითხვები არჩევნების შედეგის გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმის შესახებ დაისვა..შალვა შავგულიძის განცხადებით, არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ უმთავრესი ამომრჩეველთა აქტივობაა .
„საარჩევნო ბლოკს „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ შემუშავებული აქვს რიგი მეთოდები არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ. უმთავრესი, ამომრჩეველთა აქტივობა და თითოეული ამომრჩევლის საარჩევნო უბანზე მისვლაა. თუ ჩვენ მოვახერხებთ ჩვენი ყოველი მხარდამჭერის საარჩევნო ხმის რეალიზებას, ხელისუფლება ვეღარ გაბედავს ისეთ ტოტალურ გაყალბებას, როგორიც 2008 წლის საპრეზიდენტო და 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ჩაიდინა. მაშინ ამომრჩეველთა დაახლოებით, 40% შინ დარჩა და ეს ხმები ხელისუფლებამ მიითვისა. ახლაც, ასე რომ არ მოხდეს, ყველანი უნდა მივიდეთ საარჩევნო უბანზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი. გარდა ამისა, არჩევნებს დააკვირდება უცხოელ დამკვირვებელთა მრავალ რიცხოვანი კორპუსი, რომლიც უკვე საქართველოშია და სწავლობს წინა საარჩევნო გარემოს“,-მიმართა ამომრჩეველს შალვა შავგულიძემ.
„ყველანი მიდით არჩევნებზე, დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი და ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ყველა თქვენი პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება“,-განაცხადა შალვა შავგულიძემ.