„თავისუფალი საქართველო“ კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატებს მხარს კიდევ 7 ოლქში დაუჭერს

„თავისუფალი საქართველო“ კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატებს მხარს კიდევ 7 ოლქში დაუჭერს

„თავისუფალი საქართველო“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატებს 7 საარჩევნო ოლქში მხარს უჭერს და საკუთარ მაჟორიტარობის კანიდიდატებს არ აყენებს. ამის შესახებ პარტიამ დღეს განცხადება გაავრცელა.

 

განცხადებაში ნათქვამია,რომ პარტია „თავისუფალი საქართველო“ აცნობიერებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ძირითადი ოპოზიციური ძალების ერთიანობის მნიშვნელობას და კვლავ ცალმხრივად დგამს ნაბიჯს „ქართული ოცნების“ მიმართ.

 

განცხადების თანახმად, „თავისუფალი საქართველო“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების ერთადერთი წინაპირობა, რეალური ოპოზიციური ძალების კოორდინაციაა.

 „პარტიამ არაერთხელ გამოხატა მზაობა კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმების საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ კოალიციიდან პარტიის ინიციატივას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია, „თავისუფალმა საქართველომ“ ცალმხრივად გადადგა ნაბიჯი გაერთიანებისკენ: მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არ დააყენა მაჟორიტარობის კანდიდატი და მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ კანდიდატს ზაზა პაპუაშვილს. „თავისუფალი საქართველოს“ ნაბიჯს საზოგადოების მხრიდან მოჰყვა ადექვატური რეაქცია და სოციალურ ქსელებში ჩატარებული ყველა წინასწარი გამოკითხვით, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ზაზა პაპუაშვილი უალტერნატივო მაჟორიტარობის კანდიდატია“, - ნათქვამია განცხადებაში.

 განცხადების თანახმადვე, გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ყველა დანარჩენ საარჩევნო ოლქებში ხმები იყოფა 2 ძალას - „თავისუფალ საქართველოს“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. დანარჩენი ხელისუფლების სატელიტი პარტიების მხარდაჭერა მიზერულია. სწორედ ამიტომ, პარტია „ქართულ ოცნებას“ კიდევ 7 საარჩევნო ოლქში უჭერს მხარს. მათ შორის:

 ახმეტა - პარტია მხარს უჭერს ზურაბ ზვიადაურს, გარდაბანი - მამუკა არეშიძეს, ადიგენი - ბიძინა გუჯაბიძეს, მესტია - ვიქტორ ჯაფარიძეს, წალენჯიხა -გიორგი ნაჭყებიას,  ჩხოროწყუ - ლევან იზორიასა და ქუთაისში - გუბაზ სანიკიძეს.

 

„თავისუფალი საქართველო“ იმედოვნებს, რომ პარტიის მხრიდან ცალმხრივად გადადგმულ ნაბიჯებს, მოჰყვება შემხვედრი ნაბიჯები და მოხდება 73 ოლქში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება.