დღეს „ახალი მემარჯვენეების" ბაღდათის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბენო გეგეჭკორმა რაიონში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის მაღალი საფასური გააპროტესტა და ადგილობრივი ხელისუფლებისგან საკითხის სასწრაფო მოგვარება მოითხოვა.
მისი თქმით, ბაღდათის რაიონში არ არსებობს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ფასი საკმაოდ მაღალია (მაგ: ბაღდათი–ქუთაისი 17 კმ – 2 ლარი), რაც მძიმე მდგომარეობაში აგდებს ისედაც მრავალი პრობლემის მქონე მოსახლეობას, განსაკუთრებით სტუდენტებს და სოციალურად დაუცველებს.
„ახალი მემარჯვენეები" არ ვაპირებთ ჩავერიოთ კერძო კომპანიების, მეწარმეების ფასების რეგულირების პოლიტიკაში, რადგანაც ცნობილია, რომ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის მაღალ ფასს განაპირობებს დღეს არსებული მონოპოლია საწვავზე," – განაცხადა ბენო გეგეჭკორმა.
მისივე თქმით, ბაღდათის რაიონის 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 6 362.4 ლარს შეადგენს, აქედან მხოლოდ ერთი შენობის, ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების უზრუნველყოფისთვის (საკრებულოს, გამგეობის თანამშრომელთა ხელფასები, მივლინებები, დასვენებები და ავტომობილები) იხარჯება 25% – 1 564.9 ლარი.
„ახალი მემარჯვენეები" მოვითხოვთ ადგილობრივი ხელისუფლებისგან გამოიყოს თანხები, რათა სოციალურად დაუცველმა ადამიანებმა და მოსწავლეებმა უფასოდ, ხოლო სტუდენტებმა მნიშვნელოვანი შეღავათებით იმგზავრონ. ამით მათ ყოველდღიურ ყოფას შევუმსუბუქებთ და ამადროულად დაცული იქნება კერძო კომპანიების უფლებებიც," – განაცხადა ბენო გეგეჭკორმა.