გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთზე ლოპოტას ხეობაში შს სამინისტროს მიერ განხორციელებული დევნის ოპერაციის შედეგად, სპეცოპერაციის დროს, დაღუპული 11 ახალგაზრდა დაღესტნელები კი არა, პანკისელი ქისტები იყვნენ.
პანკისის ხეობის ადგილობრივი მაცხოვრებლების განცხადებით, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, ლიკვიდირებული ე. წ. „ბოევიკები“ პანკისის ხეობაში მცხოვრები 19-20 წლის ახალგაზრდა ბიჭები არიან.
ერთ-ერთი ვერსიით, ისინი ვაჰაბიტები იყვნენ და დაღესტნის გავლით, სირიაში გადასვლას და ამბოხებულთა მხარეს ბრძოლას აპირებდნენ.
გუშინ საღამოს, სტუდია „ობიექტივში“ ერთ-ერთმა ქალბატონმა დარეკა, რომელმაც სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.
ქალბატონი თავის სატელეფონო ზარით, მთელ საქართველოს მიმართავდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მთელი პანკისის ხეობა და მუსლიმები გამოიწვია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლოპოტის ხეობაში მოკლული 11 ახალგაზრდა დაღესტნელები კი არა, პანკისელი ქისტები იყვნენ.
„მინდა თქვენი ეთერის საშუალებით, მთელ საქართველოს გავაგებინოთ, რომ სააკაშვილმა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, მთელი პანკისის ხეობა, მუსლიმანები გამოგვიწვია. მინდა მთელმა საქართველომ გაიგოს, რომ რამდენიმე დღის წინ, მომხდარი შეტაკების დროს, დაღესტნელები კი არა, პანკისში მცხოვრები 11 ახალგაზრდა დაიღუპა. ჩვენ ამას სააკაშვილს არ შევარჩენთ. გამოგვიწვია არა? ზუსტად კადაფის მსგავსად დავმარხავთ, არ ვაპატიებთ. ხომ გამოგვიწვია, ხომ მოახდინა ეს შეტაკება? არ შევარჩენთ. მთელმა საქართველომ მინდა გაიგოს, მუსლიმანები მაგან გამოგვიწვია. ჩვენ ვიწყებთ ომს, არ შევარჩენთ“, - განაცხადა ქალბატონმა სატელეფონო საუბარში.
პანკისის ხეობაში საფლავების გათხრა, წუხელ, გვიან ღამით, თავსხმა წვიმაში დაიწყეს. მოსახლეობა ცხედრების გადაცემის მოლოდინშია... გლოვა პანკისის ხეობაში: ბაღაკაშვილებში, ალდამოვებში, მარგოშვილებში... დაღუპულები ჰყავს სამ სოფელს: დუისს, ჯოყოლოსა და ბირკიანს.
ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ სად იყვნენ ახალგაზრდები.
„არ ვიცოდით სად იყვნენ. როგორც ახლა გვითხრეს, მორგში არიან. არავინ იცის საიდან, როგორ მოხვდნენ ისინი იქ. მკვდარი მაინც დაგვამარხვინონ, უნდა დააბრუნონ“, - ამბობენ მაცხოვრებლები.
როგორ აღმოჩდნენ პანკისის ხეობიდან, ლოპოტას ხეობაში დახოცილი ჩეჩენი მებრძოლები. რამდენად სანდოა ოფიციალური ვერსია, ლაფანყურთან განადგურებული ბოევიკთა ჯგუფის დაღესტნის ტერიტორიიდან შემოჭრის შესახებ, აღნიშნულის შესახებ თემას, ვრცელ ექსკლუზიურ რეპორტაჟს სტუდია GNS -ის „კვირის რეპორტაჟი“ პანკისის ხეობიდან უძღვნის, რომელიც კვირას საღამოს 10 საათზე დაიწყება.