ცენტრალური საარჩევნო კომისია 31 აგვისტოს ტელეკომპანია მე-9 არხის გადაცემა ”მთავარ კითხვაში ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც არჩევნების დღეს ცესკო რამდენიმე საათით დაიხურება.
ამასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს, სადაც უწყება აღნიშნულ ვარაუდს უსაფუძვლოს უწოდებს.
განცხადების თანახმად, პოლიტიკური ლიდერების მხრიდან არარსებულ ფაქტებზე აპელირება და მსგავსი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობას იწვევს და საარჩევნო გარემოს აუარესებს.
„სატელევიზიო ეთერში გაჟღერებული ზემოაღნიშნული განცხადება საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის არცოდნასთან. მომავალში მსგავსი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ვთავაზობთ ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს ორშაბათს, 3 სექტემბერს, მობრძანდეს ცესკო-ში და უშუალოდ გაეცნოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა 31 აგვისტოს „მე-9 არხის“ ეთერში, გადაცემა „მთავარ კითხვაში“ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ცესკო ერთი ან ორი საათით დაიხურება, კომისიის წევრებს გარეთ გამოუშვებენ, უწყისებს გადაწერენ და შემდეგ არჩევნების შედეგებს დადებენ.