ცესკო პოლიტიკურ სუბიექტებს პარტიული და მაჟორიტარული სიების დროულად წარდგენისკენ მოუწოდებს

ცესკო პოლიტიკურ სუბიექტებს პარტიული და მაჟორიტარული სიების დროულად წარდგენისკენ მოუწოდებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ცესკო-ში პარტიული და მაჟორიტარული სიების დროულად წარდგენისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

მისივე თქმით, კომისია ასევე მოუწოდებს კანდიდატებს, რომელთა თანამდებობებიც შუთავსებელია პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსთან, რეგისტრაციაზე განაცხადების წარდგენიდან 2 დღის ვადაში გადადგნენ, ან გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან.

„პარტიული სიებისა და საარჩევნო სუბიექტების კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი 6 სექტემბერს დასრულდება. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ კი, კომისია პარტიულ სიებსა და მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულ კანდიდატთა მონაცემებს გამოაქვეყნებს“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობას 17 საარჩევნო სუბიექტი მიიღებს, აქედან ათმა პოლიტიკურმა სუბიექტმა უკვე წარადგინა პარტიული სია. ესენი არიან "სამართლიანი საქართველოსთვის", "თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა", "ჩვენი ქვეყანა", პოლიტიკური გაერთიანება "ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი", პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები", "მერაბ კოსტავას საზოგადოება", "მომავალი საქართველო", "საქართველოს მშრომელთა საბჭო", - "ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება" და "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია".

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სიები ჯერ არ წარუდგენიათ შემდეგ პოლიტიკურ სუბიექტებს: "კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო", "ნაციონალური მოძრაობა", "სახალხო მოძრაობა", "სახალხო პარტია", "შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია", "სპორტსმენთა კავშირი" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა".