„ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატები ინგა გრიგოლია, ზაზა გაბუნია და ჯაბა სამუშია, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატებთან დებატებს ითხოვენ .
ამ საკითხთან დაკავშირებით, ქდმ-ს გლდანის, კრწანისისა და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეს.
როგორც ინგა გრიგოლია აცხადებს, თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, თუ დებატები არ შედგება და მაჟორიტარულ ოლქებში "ნაციონალები" გაიმარჯვებენ, ისინი 2 ოქტომბერს ეჭვქვეშ დააყენებენ არჩევნების შედეგებს.
მისივე განმარტებით, არსებობს რეალური რეიტინგები, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობა" ბევრ საარჩევნო ოლქს აგებს.
„ჩვენ მოვითხოვთ, რომ როგორც შეეფერება დემოკრატიულ ქვეყანას, ისე წარიმართოს საარჩევნო კამპანია, უნდა შედგეს დებატები მაჟორიტარ კანდიდატებს შორის. ჩვენი ოპონენტები მხდალები, შეშინებულები არიან იმის გამო, რომ არ აქვთ პასუხი ჩვენს კითხვებზე, არ აქვთ თავი ოპონირება გაუწიონ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, არ ვსაუბრობ მარტო „ქრისტიან-დემოკრატებზე". აღარ ჩნდებიან ტელეეკრანებზე და არ დადიან სხდომებზე. თუ ასეთი დებატები შედგება, ჩვენი ამომრჩეველი გაიგებს, რატომ არ უნდა მისცეს ხმა „ნაციონალურ მოძრაობას", - აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.
ამასთან, გრიგოლიამ დასძინა, რომ მიულოცავს გამარჯვებას გლდანში ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარ კანდიდატს, თუმცა იგი გამარჯვებაში დარწმუნებულია.
ჯაბა სამუშიამ თავის მხრივ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ სამადაშვილის მიმართ აქვს კითხვა, თუ როგორ საქმიანობს იგი პარლამენტში. სამუშიამ აღნიშნა, რომ სამადაშვილს სხდომების 50%-ზე მეტი სხდომების გაცდენილი აქვს და მიკროფონთან 4 წლის განმავლობაში 2-ჯერ თუ მისულა.
ამასთან, ზაზა გაბუნიამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ იწვევს დებატებში კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატს "ნაციონალური მოძრაობიდან" დავით საყვარელიძეს. მისივე თქმით, საყვარელიძე დანგრეულ კრწანისს იუსტიციის სამინისტროს ფეშენებელური შუშის შენობიდან უმზერდა და ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კრწანისელებისთვის არაფერი გაუკეთებია.