საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერის კახა მიქაიას ინფორმაციით, წალენჯიხის რაიონის სოფელ სქურის ტყეში პოლიციელები არიან განთავსებულნი.
მიქაიას განცხადებით, ამის შესახებ მას ინფორმაცია ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდა.
როგორც მიქაია აღნიშნავს, ტყეში არსებული პოლიციელების შესახებ ის დიდი ხანია ფლობს ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9„ ის ჟურნალისტმა მათ ბანაკში შეაღწია და მათი ფარულად გადაღება შეძლო.
მიქაიას თქმით, მეორე დღეს კი, მეგობრებთან და ჟურნალისტებთან ერთად სქურის ტყეს ესტუმრა და ბანაკის წევრებმა თავად აღიარეს, რომ ისინი პოლიციელები არიან.
„ჩემს მეგობრებთან და ჟურნალისტებთან ერთად, მათ ე.წ. ბანაკში დავადექით თავზე. გვთხოვეს, რომ არფერი გადაგვეღო, როცა ვკითხეთ - რის საფუძველზე გვიკრძალავდნენ, გვითხრეს - ადამიანურად გთხოვთ, აქედან წახვიდეთო. მთელმა სამეგრელომ იცის, რომ ისინი იქ არიან. ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას, თუ ვის იჭერენ ეს პოლიციელები ტყეში: დათვებს, მელიებს თუ ვეფხვებს? ჩვენ დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ესენი ის ბანდფორმირებები არიან, რომლებიც ზუგდიდში იყვნენ განლაგებულნი და ამ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, სხვადასხვა ადგილებში გადაიყვანეს. ესენი არამხოლოდ სქურში არამედ, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში ზუგდიდში, ლებარდესა და სვანეთში არიან“, - განაცხადა მიქაიამ.
მიქაია გამოთქვამს ეჭვს, რომ ეს ყოველივე მოახლოებულ არჩევნებს და ზუგდიდში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციას უკავშირდება.
„ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას, ხომ არ უკავშირდება ეს ყოველივე მოახლოებულ არჩევნებს. ისინი ადგილობრივ მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ. ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ამ ე.წ. ბადფორმირებებს ყველანაირი პროვოკაციისთვის გამოიყენებს. ისინი ხელისუფლების, კონკრეტულად კი, ბაჩო ახალაის კონტროლ ქვეშ არიან. ხელისუფლება იმდენად ბრიყვია, რომ არ გამოვრიცხავ, მათი ტყეებში ყოფნა კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციასაც უკავშირდებოდეს და ეს ადამიანები აქციაზე პროვოკაციის მიზნით გამოიყენონ“, - განაცხადა მიქაიამ.